BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო, რა ფინანსური ვალდებულება დაეკისრა ქვეყანას?

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან, Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო. 2017 წლიდან სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალი და მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრი (ICSID) განიხილავდნენ Inter Rao-ს შვილობილი კომპანიების მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ საარბიტრაჟო სარჩელებს, რომელთა ფარგლებშიც მოთხოვნილი კომპენსაცია $175 მილიონს აღემატებოდა.
 
ორივე შემთხვევაში, საქართველომ დავა წააგო. რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს $80 მილიონის გადახდა დააკისრა.
 
ამასთანავე, 23 ნოემბერს ICSID-ის ტრიბუნალმა მიიღო მეორე გადაწყვეტილება საქართველოსთვის Inter Rao-ს სასარგებლოდ ნაწილობრივი კომპენსაციის გადახდის თაობაზე (partial award on damages). პირველი გადაწყვეტილება არბიტრაჟმა 30 ივლისს მიიღო. ჯამურად, საქართველოს რუსული კომპანიის სასარგებლოდ $80 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევს.
 
რას შეეხებოდა დავა?
 
Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2".
 
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან, ჯერ კიდევ 2003 წელს თელასისა და ხმრამჰესის მათ საკუთრებაში გადაცემის დროს გააფორმა.
 
დავის შინაარსი საკურსო სხვაობით მიყენებულ ზარალს უკავშირდება. კომპანია დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალიც. თუმცა, საქართველოს სატარიფო მეთოდოლოგია მსგავს ჩანაწერს არ ითვალისიწნებს, რის გამოც შესაბამისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
 
თუმცაღა კომპანია დავობდა, რომ აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებებით, საქართველოს უნდა მოეხდინა კომპანიის მოსალოდნელი ხარჯების კომპენსირება, გაითვალისწინოს საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საჭიროება და აანაზღაუროს გაცვლითი კურსისგან მიღებული ზარალი.
 
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ 2014 წლის შემდეგ აშშ დოლართან ღირებულების 80%-ზე მეტი დაკარგა. უკვე 2016 წელს Inter Rao-ს ჰოლანდიური შვილობილები მიუთითებდნენ, რომ კურსის გაუფასურების ტარიფში არ ასახვით სახელმწიფო მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს ზიანს აყენებდა და რომ ეს 2003 წელს გაფორმებულ ნასყიდობის შეთანხმებასთან და 2013 წელს გაფორმებულ მემორანდუმთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.
 
სწორედ ამ დოკუმენტების გათვალისწინებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა Inter Rao-ს პოზიციები გაიზიარა და საქართველოს რუსული ენერგოგიგანტის სასარგებლოდ $80 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა.
648