BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აუდიტის დასკვნით აჭარის მთავრობა ავტოპარკის საწვავს არამიზნობრივად ხარჯავს

გამოქვეყნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აჭარის მთავრობის მიერ სამსახურებრივი ავტომობილებისთვის საწვავის ხარჯვა არაერთ შემთხვევაში არამიზნობრივად ხდება.

“2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ 208 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაწეულია 1,185,349 ლარის ხარჯი, მათ შორის, აუდიტორული შერჩევის საფუძველზე შესწავლილი 129 ერთეულის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 809,707 ლარს, საიდანაც საწვავის ხარჯი 424,902 ლარია.

მოქმედი რეგულაციებით, სამსახურებრივ მივლინებად ითვლება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით მოსამსახურის გამგზავრება, თუმცა ტრანსპორტთან დაკავშირებული ხარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ რიგ შემთხვევაში შესაძლებელია სამსახურებრივი ავტომობილები არასამსახურებრივი მიზნებისათვის იქნა გამოყენებული და საწვავი არამიზნობრივად დაიხარჯა, კერძოდ:

11 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 63 შემთხვევაში, ცალკეული უწყების შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი არ იმყოფებოდა მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ და ჩასხმულია ჯამში 2,864 ლიტრი, 6,465 ლარის ღირებულების საწვავი. აღნიშნულ შემთხვევებზე, შესაბამისი უწყებების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტური დადასტურება, ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.

გზების დეპარტამენტის მიერ პლასტიკური ბარათებით (VIP ბარათები) ჯამში გახარჯულია 1,168 ლიტრი 2,656 ლარის ღირებულების საწვავი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 1,314 ლარის ღირებულების (535 ლიტრი) საწვავის ხარჯვაზე არ არის წარმოდგენილი სამსახურებრივი საჭიროებისათვის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, ორ შემთხვევაში ბარათით საწვავის ჩასხმა დასტურდება ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს და წარმოშობს არასამსახურებრივი დანიშნულებით საწვავის გამოყენების რისკებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ანგარიშში იდენტიფიცირებულ ხარვეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება და მხარჯავ დაწესებულებებში ისეთი კონტროლის მექანიზმ(ებ)ის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად, ეკონომიურად და მიზნობრივად ხარჯვას,”- ნათქვამია დოკუმენტში.

309