BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ინფლაციის კონტროლი იქნება ალბათ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა - ნიკოლოზ გაგუა

ინფლაციის კონტროლი იქნება ალბათ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ამჯამად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
 
გაგუა თვლის, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა წარმატებით უნდა გაართვას თავი აღნიშნული ფუნქციის განხორციელებას.
 
"ამ მიმართულებებით ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი როლი აქვს. თუმცა მთავარი როლი არის ის გამოწვევა, რომელიც ძალიან მწვავედ დგას ჩვენი ეკონომიკის წინაშე და ეს არის ინფლაცია. ინფლაციის კონტროლი იქნება ალბათ შემდეგი ერთი წლის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკის და მე მაქვს გარკვეული მოსაზრებები. ვთვლი, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში სებ-მა აღნიშნული ფუნქციის განხორციელებას წარმატებით უნდა გაართვას თავი.
 
როცა ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ყველას გვესმის, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ბოლო 20-40 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. არის ობიექტური მიზეზები, თუმცა ვთვლი, რომ ამ ობიექტურ მიზეზებში სწორი ნავიგაცია არის ეროვნული ბანკის უმთავრესი პოზიცია“,- განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
 
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენს, ესენი არიან: ნიკო გაგუა, ეკა მიქაბაძე და ეკა გალდავა. სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად საბჭო 9 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია. თუ პარლამენტმა სამივე კანდიდატურა დაამტკიცა, სებ-ის საბჭოში 1 ვაკანტური პოსტი დარჩება.
469