BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პოლიცია ხეობას დატოვებს თუ აქტივისტები დაგვპირდებიან, რომ კომპანიას ხელს არ შეუშლიან – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა არ აკონკრეტებს დატოვებენ თუ არა საპოლიციო ძალები რიონის ხეობას მიმდინარე კვირის პარასკევამდე და აცხადებს, რომ ამისთვის ხეობის აქტივისტების მხრიდან საჯარო პირობის დადებაა საჭირო, რომ ისინი კომპანია “ენკას” ჰესის მშენებლობაში ხელს არ შეუშლიან. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა.
 
თურნავას თქმით, შაბათს, 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც რიონის ხეობის აქტივისტები, ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინსტროები და ევროკავშირის წარმომადგენლები [მედიატორის როლში] ესწრებოდნენ, “მკაფიოდ ითქვა”, რომ პოლიციის იქ ყოფნის ერთადერთი ამოცანა კონფლიქტისგან თავის არიდებაა.
 
“აქედან გამომდიანრე, როგორც კი გვექნება წინასწარი საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ თავის პროტესტს და კომპანიას ხელს არ შეუშლიან და არ მოხდება ზეწოლა იქ მყოფ თანამშრომლებზე, არ მოხდება კომპანიის აქტივების დაზიანება იმიტომ, რომ იქ არის საწყობი, ბევრი მასალა, მათ შორის აალებადი მასალა, საწვავი და ა.შ. და თუ გვექნება ჩვენ გარკვეული გარანტია, რომ ეს პასუხისმგებლობები იქნება გადანაწილებული, რა თქმა უნდა ეს საკითხი მყისიერად გადაწყდება. მაგრამ ამაზე უნდა ითქვას საჯაროდ”, – განაცხადა თურნავამ.
 
12 ივნისს გამართულ შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლემ განაცხადა, რომ მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო მიმდინარე კვირაში ხეობიდან პოლიციის გაყვანა და ბარიკადების აღებაც.
 
“ვიმედოვნებთ, რომ უკვე მომავალი კვირისთვის დავინახავათ მთავრობის და პოლიციის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებიც პროტესტის საკუთარ უფლებას იყენებენ, თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემთ”, – განმარტა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
 
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმაც.
 
მან აღნიშნა, რომ შეხვედრა მედიაციის პროცესის დაწყებას არ ნიშნავს და ეს პროცესი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც მხარეები შეთანხმებებს შეასრულებენ.
 
კერძოდ, გოლეთიანის თქმით, მომავალი პარასკევისთვის შესაბამისმა უწყებებმა უნდა აიღონ რიონის ხეობაში განთავსებული ბარიკადები და გაიყვანონ საპოლიციო ძალები.
 
ასევე, გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ პროტესტის მონაწილეთა პირობები მომავალ პარასკევამდე შესრულდება. ამის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება სხვა საკითხების განხილვაც, რაც ხეობაში “ენკას” მხრიდან სამუშაოების შეჩერებას გულისხმობს.
 
“ჩვენ მათგან ველოდებით დეკლარირებულ პასუხს, რომ ბარიკადები უნდა იქნას აღებული და პოლიცია გაყვანილი, ასევე ჩვენ უნდა დავბრუნდეთ პროტესტის ძირითადად ადგილზე”, – განაცხადა გოლეთიანმა.
 
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა კი განაცხადა, რომ ხეობიდან პოლიციის გაყვანა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის და ისინი სესაბამის უწყებებთან ამ საკითხს დააყენებენ.
609