BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ილია II: „როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოეუბულია მისი დასასრული, ის გააძლიერებს ბრძოლას”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლოცვის მერე მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას აღნიშნა, რომ ურთულეს დროში გვიწევს ცხოვრება, როცა კეთილი და ბოროტი დაპირისპირებულნი არიან.
 
“ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, - ხარებობას! ეს სიხარულის და სიყვარულის დღესასწაულია. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, ძველი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ამბობდენ, რომ ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო. დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეურთდა ერთმანეთს და ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციერ სამყაროს. უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი განსაკუთრებულად დაპირისპირებული არიან ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა. წმინდა მამები ამბობენ, რომ როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოეუბულია მისი დასასრული, ის გააძლიერებს ბრძოლას. ის განსაკუთრებით ებრძვის ახალგაზრდობას. ეს ერთ-ერთი სახეობაა ბრძოლისა. თქვენ და ჩვენ გაგვიადვილდება ბრძოლა ბოროტთან თუ ვიზრუნებთ გაჭირვებულ ხალხზე. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის, გაჭირვებული ხალხისათვის. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა დაგლოცოთ! სული წმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ! დალოცვილი და გახარებული იყავით! ღმერთმა ბედნიერი და სასიხარულო აღდგომა გაგვითენოს! ჩვენთან არს ღმერთი”, - განაცხადა პატრიარქმა. 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
1705