BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ხვალ, ვიმსჯელებთ დაველოდებით თუ არა ჯანმოს რეკომენდაციას ჩინური ვაქცინის გამოსაყენებლად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,ხვალ საბჭო ჩინური ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. 
 
„ხვალ, სამინისტროში დანიშნულია ვაქცინაციის ინტერსექტორული კომიტეტის სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი იქნება განხილული, მათ შორის, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის რისკჯგუფების გაფართოება, ასევე ვიმსჯელებთ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. „სინოფარმი“ ქვეყანაში შაბათს შემოვიდა. „სინოფარმის“ კომპანიასთან, მის სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ტელეკონფერენცია გვქონდა. ბევრი კითხვა დავსვით, ბევრი საკითხი გავარკვიეთ კიდევ ერთხელ. ხვალ, სწორედ საბჭოზე ვიმსჯელებთ, თუ რა სტრატეგიას ავირჩევთ, დაველოდებით ჯანმო-ს ავტორიზაციას, თუ ქვეყანაში ჩინური ვაქცინით ვაქცინაციის დაწყების ლეგალური საფუძველი არსებობს , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით ევროპის წამლის საააგენტო დასკვნებს ორშაბათს დადებს, თუმცა „ასტრაზენეკას“ და ზოგადად ვაქცინების სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე რისკი.
 
„თვითონ სააგენტოს მიერ გამოთქმული წინასწარი მოსაზრებები ყოველთვის ხაზს უსვამს ერთ რამეს - ამ ვაქცინების და კერძოდ, ასტრაზენეკას სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე ის რისკი, რაც ვაქცინის ორგანიზმში შეყვანას ახლავს. ხშირად ვსაუბრობთ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები უფრო მეტად რეაქტოგენულია, ვიდრე რუტინული. ის კალენდარული ვაქცინები, რასაც ბავშვებში ვიყენებთ და გვერდითი მოქმედებების სიხშირე 5-8-ჯერ მეტია, რომლებიც როგორც წესი ორ დღეში გადის. „ასტრაზენეკასა“ და შესაბამის კოაგუოლოგიურ დარღვევებზე, კვლევები ჯერჯერობით კიდევ მიმდინარეობს. ჯანმო-მ და ევროპის მედიკამენტების სააგენტომ, ეს ამ ეტაპამდე ჯერჯერობით არ დაადასტურეს. წესით, მომავალი კვირის დასაწყისში უნდა იყოს ახალი განაცხადი წამლის სააგენტოსი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
617