BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა ნიკოლოზ ენუქიძემ. მან ასევე დატოვა “თიბისი ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიც.
 
ამასთან, ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს და თიბისი ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე გახდა არნე ბერგრენი, რომელიც ამ საბჭოს წევრი 2019 წლიდანაა.
 
ცნობისათვის, 2016 წელს თიბისი ბანკის ჯგუფის პრემიუმ ლისტინგში გადასვლის შემდეგ, ნიკოლოზ ენუქიძე დაინიშნა დირექტორთა საბჭოს უფროს დამოუკიდებელ წევრად. მანამდე, ნიკოლოზ ენუქიძე იყო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.
 
ნიკოლოზ ენუქიძეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2019 წლიდან უკავია. მან ამ თანამდებობაზე მამუკა ხაზარაძე ჩაანაცვლა. ეს გადაწყვეტილება ბანკში პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ მიიღეს. მაშინ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს.
 
რაც შეეხება არნე ბერგრენს, „თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, ის ასევე არის კვიპროსის ბანკისა და პირეუსის ბანკის საბჭოს წევრი. „მანამდე ის იყო აქტივების მართვის თურქული კომპანიის, LBT Varlik Yonetim-ის და სლოვენური ბანკის აქტივების მართვის კომპანიის, DUBT Ltd -ის საბჭოს წევრი. მას ასევე უმუშავია რამდენიმე წამყვან თანამდებობაზე ცნობილ საფინანსო ინსტიტუტებში, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, შვედეთის ბანკში, კარნეგის საინვესტიციო ბანკში შვედეთის ფინანსთა სამინისტროსა და ბანკების მხარდაჭერის სააგენტოში”, - ნათქვამია თიბისის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ბიოგრაფიაში.
403