BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„მითია, რომ ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

"მითია სუსტი სახელმწიფოს იდეა, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 
 
მისივე თქმით,  ქვეყანაში ეკონომიკა და პოლიტიკას უნდა გახდეს პროგნოზირებადი, სახელმწიფომ კი, უნდა იტვირთოს მთავარი ტვირთი პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის და სამუშაო ადგილების გადასარჩენად.
 
„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ და გარღვევას ჯერაც ვერ მივაღწიეთ. წინა ხელისუფლების დროს არაერთი ფასადური რეფორმების მომსწრე ვიყავით. პირველ რიგში, ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რაც უკვე ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ მითია სუსტი სახელმწიფოს იდეა, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ კონტექსტს, რაც დღეს არის შექმნილი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცენდენტი ისტორიამ არ იცის. არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფოსთვის ეკონომიკის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია და ახალი მთავრობის მთელი აქცენტი გადატანილი იქნება ახალ ინიციატივებზე, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი თავის გუნდთან ერთად 100 დღის განმავლობაში წარმოადგენს.
 
მომავალი პრემიერის აზრით, ეკონომიკური ზრდის სიკეთეები უნდა შეეხოს თითოეულ მოქალაქეს და არა - ერთეულებს და "სწორედ ეს იქნება ამოსავალი მომდევნო ნაბიჯების გადადგმისას".
 
„სახელმწიფო უნდა იდგეს ბიზნეს-ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ არა მხოლოდ თვითკმარი ვიყოთ, არამედ ექსპორტზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, რომ მხოლოდ სხვისი შრომის მომხმარებელი არ ვიყოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
638