BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პრეზიდენტი - ჩვენს რეგიონში ვნახეთ ახალი კონფიგურაცია, რაც გვაჩვენებს, რომ უნდა მიიპყროს უფრო მეტი ყურადღება ნატო-სგან

მიუხედავად პანდემიის კრიზისისა, ჩვენს სამეზობლოში არსებული კონფლიქტისა, ოკუპირებული ტერიტორიებისა, გაზრდილი პროვოკაციებისა და ანექსიისთვის გაწეული ძალისხმევისა, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას, დგას მყარად და რეფორმების გატარებისა და არჩევნების გზით ავითარებს მის დღის წესრიგს დემოკრატიის კონსოლიდირების მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
 
მან ქვეყანასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ისეთ საკითხებთან გამკლავებას, როგორიც არის პანდემია, კიბერუსაფრთხოება, დესტაბილიზაცია, საჭიროა ძალების კონსოლიდირება და ერთობლივი მოქმედება.
 
მისივე თქმით, რეგიონში არსებული ძალთაბალანსის ახალი კონფიგურაცია აჩვენებს, რომ შავ ზღვასა და ზოგადად კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს.
 
„თითქმის ერთი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც კოვიდმა გადაიტანა ჩვენი ყურადღების დიდი ნაწილი, შეზღუდა დიპლომატიური აქტივობა, დრო მოვიდა, რომ მოვახდინოთ აქცენტირება ჩვენს საერთო ინტერესებსა და საერთო ღირებულებებზე, როგორიცაა სოლიდარობა და საერთო პროექტები. მოხარული ვარ, რომ ამ წლის დასაწყისში ჩვენ ისევ აქ ვიმყოფებით და ამ გზით, ვაჩვენებთ, რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის ნატო-საქართველოს ურთიერთობა და თანამშრომლობა და რომ ეს ისე როგორც არასდროს, აქტუალურია.
 
ახალი გამოწვევების წინაშე ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია, უფრო მეტი მოძრაობა და შემართება. რამდენიმე ფაქტორი გვიბიძგებს ამ მიმართულებით, მათ შორის, ის ფაქტი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზადაა დაადასტუროს თავისი კავშირები ნატოს-თან და თავისი დასწრება შავი ზღვის რეგიონში.
 
ჩვენს რეგიონში ვნახეთ ძალთაბალანსის ახალი კონფიგურაცია, რაც გვაჩვენებს, რომ ახლა, ისე როგორც არასდროს, შავი ზღვა და კავკასია მნიშვნელოვანი ხდება უსაფრთხოების თვალსაზრისით და უნდა მიიპყრო უფრო მეტი ყურადღება ნატო-ს მხრიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
729