jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
 საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა.

ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს კი 4.8%-მდე დაჩქარდება.

სავალუტო ფონდის მოლოდინით, წელს საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ეს პროგნოზი ფონდმა მარტში, საქართველოში მისიის ვიზიტისას განაახლა.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, IMF-ის მოლოდინით, წელს სომხეთის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, აზერბაიჯანის - 2.8%-ით, ყაზახეთში 3.1%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო ყირგიზეთში - 4.4%.

სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში, რეგიონის ეკონომიკური ზრდა ზომიერი იქნება, რაც იმ გარემოებას უკავშირდება, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებული ისეთი ეფექტები, როგორიცაა გაზრდილი სავაჭრო ნაკადები და ფინანსური შემოდინებები, ეტაპობრივად მიილევა.

“2023 წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა და 4.9%-ს მიაღწია. განსაკუთრებით მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა სომხეთში, საქართველოსა და ტაჯიკეთში. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ და სომხეთმა უკრაინის ომთან დაკავშირებული მიგრანტების სავალუტო შემოდინებებიდან ეკონომიკური სარგებელი მიიღეს. რეგიონის ქვეყნებზე ასევე დადებითი გავლენა ჰქონდა გაზრდილ სავაჭრო ნაკადებს. 2024 წელს მოსალოდნელია, რომ რეგიონის ეკონომიკა 3.9%-ით გაიზრდება, ზრდის ტემპის შენელება რეგიონის ყველა ქვეყანაშია მოსალოდნელი, გარდა ყირგიზეთისა. საშუალოვადიან პერიოდში, რეგიონის ეკონომიკური ზრდა ზომიერი იქნება, რაც იმ გარემოებას უკავშირდება, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებული ისეთი ეფექტები, როგორიცაა გაზრდილი სავაჭრო ნაკადები და ფინანსური შემოდინებები, ეტაპობრივად მიილევა”, - ნათქვამია სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.

როგორც ფონდი აღნიშნავს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკისთვის მთავარი რისკები გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. კერძოდ, IMF აღნიშნავს, რომ ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შესაძლო შენელება უარყოფითად აისახება რეგიონის ქვეყნებში ფულად გზავნილებსა და ვაჭრობაზე.

52