jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 18 მარტიდან სააგენტოში დღეისთვის არსებული შეზღუდული ტიპის ნებართვების სრული რაოდენობა რამდენიმე პირობით გაიცემა.

„მიმდინარე წლის 18 მარტიდან სააგენტოში დღეისთვის არსებული შეზღუდული ტიპის ნებართვების სრული რაოდენობა გაიცემა შემდეგი პირობით:

შეზღუდული ტიპის ნებართვა სააგენტოს მომსახურების ოფისებიდან გაიცემა განმცხადებელზე, რომელსაც 2023 -2024 წლის განმავლობაში მიღებული აქვს თურქეთის, რუსეთის ან ყაზახეთის მიერ გადმოცემული, მინიმუმ ერთი ერთეული „მესამე ქვეყნაში/ქვეყნიდან“ ტიპის ნებართვა. გასაცემი ნებართვის რაოდენობა განისაზღვრება თითო ერთეულით ქვეყანაზე (ყაზახეთი, რუსეთი, თურქეთი).

ნებართვების გაცემა მოხდება განაცხადების საფუძველზე (არა ქოლცენტრის მეშვეობით) შედგენილი სიების და გრაფიკის მიხედვით, რათა სააგენტოს მომსახურების ოფისებში გადატვირთვის გარეშე შეძლონ საქმიანობა. პროცესის სრულად გამჭვირვალობის მიზნით, იმ გადამზიდველების სიები, რომლებზეც გაიცემა ნებართვა, განთავსებული იქნება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სააგენტოს მომსახურების ოფისებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ტვირთის ტრანსპორტირება ხდება ე.წ. „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან“ დასახელების ნებართვების გამოყენებით.

„ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული თავისებურებების შესახებ. კერძოდ, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ტვირთის ტრანსპორტირება ხდება ე.წ. „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან“ დასახელების ნებართვების გამოყენებით, რომელი ნებართვაც, ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე, იცვლება ორმხრივი ნებართვის პარალელურად ბონუსის სახით, რათა გადამზიდველის მიერ ძირითადი გადაზიდვის შესრულების შემდგომ, ტვირთის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს პარტნიორი ქვეყნიდან მესამე ქვეყანაში გადაზიდვა. მესამე ქვეყნის ნებართვები შეზღუდული რაოდენობით იცვლება სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის, რათა არ მოხდეს ადგილობრივი გადამზიდავების ინტერესების დაზარალება, სხვა ქვეყნის გადამზიდავების მიერ მათ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის გადაზიდვის არაკანონიერად ჩანაცვლების სახით.

დღეის მდგომარეობით, გასულ წლებთან შედარებით, მიღებული ნებართვების რაოდენობა გაზრდილია. თუმცა, ბოლო პერიოდში, ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, გაიზარდა როგორც გადაზიდული ტვირთის მოცულობა, ისე საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველთა ოდენობაც. ამ გარემოების გათვალისწინებით, შეზღუდული რაოდენობით „მესამე ქვეყნაში/ქვეყნიდან“ ტიპის ნებართვების რაოდენობა, რაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს აქვს, ვერ უზრუნველყოფს გადამზიდველთა მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას. ამის გამო ნებართვების გაცემა ხორციელდებოდა ეტაპობრივად.

რაც შეეხება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე გაზრდილი რაოდენობით გაცვლილი სხვა ტიპის ნებართვებს, გასული პერიოდის მსგავსად, სააგენტოს მიერ დღემდე გაიცემა შეუზღუდავად. სააგენტო განაგრძობს მოლაპარაკებებს პარტნიორ ქვეყნებთან შეზღუდული ტიპის ნებართვების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებითაც“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

116