BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„1 კგ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდირება მოხდება“ - ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1კგ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდირება მოახდინოს, რათა ფერმერებს საკუთარი შრომით მოყვანილი პროდუქტის ჩაბარებისას პრობლემები არ შეექმნათ.
 
დავითაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მოსახლეობას მოსავალი ჩაუბარებელი არ დარჩეს.
 
„დღეს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ვაშლის მოსავლის დაბინავების შემთხვევაში ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. ეს გულისხმობს გარკვეულ სუბსიდირების პროგრამას, რომელიც ჩვენ ასევე გვქონდა რამდენიმე წლის წინ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი არის საკმაოდ დიდი და წელს ჩვენ ველოდებით 120 000 ტონაზე მეტ ვაშლის მოსავალს, ძირითადად შიდა ქართლის რეგიონში. ამ შემთხვევაში მთავრობა გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს იმის გათვალისწინებით თუ როგორია საერთაშორისო კონიუნქტურა. წელს მოლოდინი არის, რომ მსოფლიოში ვაშლის მოსავალი ძალიან მაღალი იქნება. ამის გათვალისწინებით იმისთვის, რომ ფერმერებს ჰქონდეთ საშუალება ჩააბარონ საკუთარი შრომით მოყვანილი პროდუქტი, მთავრობამ მიიღო სუბსიდირების პროგრამა. ეს იქნება 10 თეთრიანი სუბსიდირება 1 კგ ვაშლზე. იმ შემთხვევაში თუ კომპანიები მინიმუმ 22 თეთრს გადაუხდიან ჩამბარებელს ისინი ზუსტად 10 თეთრის კომპენსაციას მიიღებენ. სქემა ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენ გვქონდა ყურძნის შემთხვევაში, რომელსაც გამოვიყენებთ 2020 წელს. ასევე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ მოსახლეობას ჩაუბარებელი არ დარჩეს და მინიმუმი ანაზღაურება მიიღოს თავიანთ შრომაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
399