BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„აზზატო“: „კორონავირუსმა ქართული ბიზნესი ახალ რეალობასთან შეაგუა“

რა გავლენა იქონია კორონავირუსმა ნამცხვრის სახლ "აზზატოს" საქმიანობაზე, რა მდგომარეობაა დღეს ბაზარზე და ვირუსის მეორე ტალხის განმეორობისას, ბიზნესი რამდენად შეძლებს მოგერიებას? საინფორმაციო სააგენტო “Business Time”-ის კითხვებს ნამცხვრის სახლ "აზზატოს" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თაკო შეროზია  პასუხობს.
 
ახალმა კორონავირუსმა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში სერიოზული გავლენა იქონია ეკონომიკის ყველა სფეროზე. კონკრეტულად, თქვენს ბიზნესზე რა გავლენა იქონია ვირუსით გამოწვეულმა მდგომარეობამ? 
 
პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი საქმიანობით. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ კორონავირუსისგან გამოწვეულმა მსოფლიო "არეულობამ" ბუნებრივია გავლენა იქონია საქართველოზეც, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და ბიზნესზეც.
ამის მიუხედავად, ნამცხვრის სახლ "აზზატოს" არც ერთი დღე არ შეუწყვეტია მუშაობა, შევინარჩუნეთ თანამშრომლების უმეტესი ნაწილი, ბიზნესმა შემოიტანა კონკრეტული სიახლეები, მათ შორის, დავამატეთ მიტანის სერვისი და მსოფლიო ჯანდაცვის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით შევძელით ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილების შენარჩუნება. 
 
კორონავირუსის შედეგად შექმნილი ახალი რეალობა ყველა ბიზნესისთვის გამოწვევა იყო, მათ შორის, ჩვენთვისაც. მაგრამ კომპანიამ სწრაფი ტემპით შეძლო ახალ რელსებზე გადაწყობა და ჩვენს მიზანს, რომ მომხმარებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება შეგვძლებოდა - მივაღწიეთ!
 
როგორც ვიცით, წერეთლის გამზირზე თქვენი ფილიალი დაიხურა. რამ განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილება და კომპანია ხომ არ აპირებს კიდევ შეამციროს თბილისის მასშტაბით ფილიალების რაოდენობა?
 
პანდემიისა და კომენდანტის საათის პირობებში, მაღაზიები შეზღუდულად მუშაობდნენ. თბილისის მასშტაბით არსებული 4 ფილიალიდან წერეთლის ფილიალის დახურვა გადავწყვიტეთ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენს  დიდ მიღწევად მიგვაჩნია დანარჩენი ფილიალების შენარჩუნება და მიტანის სერვისის ასეთ მოკლე ვადაში დამატება. გარდა ამისა, გეგმაში უფრო სტრატეგიული, ახალი და ლამაზი ფილიალების გახსნა გვაქვს დაგეგმილი.
 
"აზზატოს" ა.წერეთლის გამზირის ფილიალი დაიხურა. 
 
რაც შეეხება დასაქმებულებს, კომპანიას კადრებსის შემცირება ხომ არ მოუწია? თუ კი, რამდენი ადამიანის შეეხო შემცირება?
 
ნამცხვრის სახლ "აზზატოს" არც ერთი თანამშრომელი არ გაუშვია სახლში. კადრების ნაწილმა პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, არჩია სახლში დარჩენა, ნაწილმა ქალაქი დატოვა, თუმცა ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ თითოეული თანამშრომლის სურვილს. 
 
პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებასთან ერთად, თანამშრომლების ის ნაწილი, რომელიც მზად იყვნენ მუშაობა გაეგრძელებინათ, სავსებით აკმაყოფილებდა ბაზარს. ზაფხულისა და პოსტ-პანდემიური სიტუაციის ფონზე, გადაწყვეტილი გვაქვს სექტემბრიდან თანმშრომლების შეკრება და მათი ეტაპობრივად დაბრუნება. 
 
როგორია დღეს პროდუქციაზე მოთხოვნა, ხომ არ შემცირებულა?
 
ჩვენი კომპანია 8 წელზე მეტია ბაზარზეა. გასულ წლებთან შედარებით, პოსტ-პანდემიურმა პერიოდმა იმოქმედა და ბუნებრივია, შემცირდა გაყიდვები, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი დარტყმა კომპანიისთვის, რადგან მაღაზიებში გაყიდვების კლების პარალელურად, იმატა საქორწილო და ექსკლუზიურმა შეკვეთებმა და მიტანის სერვისზე მოთხოვნამ.
 
როგორი მოლოდინი და გეგმები აქვს კომპანიას შემოდგომისთვის?
 
შემოდგომისთვის დიდი გეგმები აქვს "აზზატოს". ვაპირებთ გაფართოებას, ახალი ფილიალების გახსნას, პროდუქციის დივერსიფიცირება და დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენს სამომავლო დეტალურ გეგმებს საიდუმლოდ დავტოვებთ ჯერჯერობით, თუმცა ახალი და სასიამოვნო სიურპრიზები ელით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს. 
 
და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს თქვენს გეგმებზე ეპიდსიტუაციის გაუარესება? (ვგულისხმობ მეორე ტალღის შესახებ ვარაუდებს)
 
ვფიქრობ, კორონავირუსის პირველმა ტალღამ ქართული ბიზნესი ახალ რეალობასთან შეაგუა. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ახლა უფრო მომზადებული და კარგად ორგანიზებული შევხვდებით მეორე ტალღას (თუ იქნება, ბუნებრივია). "აზზატოს" კრიზისულმა გეგმებმა ადაპტაცია მოახდინა ახალ გარემოსთან და ვფიქრობთ, კიდევ უფრო ღირსეულად დავხვდებით ეპიდ სიტუაციას. 
 
905