BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„თბილისი აქამდე კერძო ტრანსპორტზე მორგებული ქალაქი იყო, ეს ყველაფერი კი, თანდათან უნდა შეიცვალოს“ - გელა კვაშილავა

ჭავჭავაძეზე სივრცე გადანაწილდა ქვეითს, ველომოყვარულს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კერძო ტრანსპორტს შორის, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭა უპირატესობა. თბილისი აქამდე აშკარად კერძო ტრანსპორტზე მორგებული ქალაქი იყო, ეს ყველაფერი კი, თანდათან უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ გაეროს ექსპერტმა ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავამ განაცხადა. 
 
გელა კვაშილავა მიესალმება ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემის ცვლილებას და მიიჩნევს, რომ ჭავჭავაძეზე პრიორიტეტები სწორად გადანაწილდა. შედეგად, მისივე მოსაზრებით, მცირდება გადაადგილების დროც და უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოებაც.
 
„მგონი, ყველა შეთანხმებულია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრიორიტეტია. ეს ყველგან ასეა და ასეც უნდა იყოს. თბილისი ახალ ავტობუსებს ყიდულობს. თუ ისინი ისევ საცობში ჩადგნენ, ყველაფერს აზრი დაეკარგება. ავტობუსს უნდა ჰქონდეს თავისი ზოლი, რომელშიც შეუფერხებლად, სწრაფად და კომფორტულად იმოძრავებს. ამ სიახლის შედეგად, მოიმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთათვისაც ავტობუსი, მეტროსთან ერთად, გადაადგილების ძირითადი საშუალებაა. ეს ფინანსურადაც მომგებიანია და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, ამგვარი განაწილება საგზაო უსაფრთხოებისთვისაც სწორია. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის ძირითადი არტერიები ერთმანეთს სწორედ ამ პრინციპით დაუკავშირდეს.
 
რეალურად, ჭავჭავაძეზე სივრცე გადანაწილდა ქვეითს, ველომოყვარულს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კერძო ტრანსპორტს შორის, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭა უპირატესობა. თბილისი აქამდე აშკარად კერძო ტრანსპორტზე მორგებული ქალაქი იყო, ეს ყველაფერი კი, თანდათან უნდა შეიცვალოს.
 
ვაკეში ინტენსიური მშენებლობებია. აქ თავმოყრილია სავაჭრო ცენტრები, უნივერსიტეტები, ოფისები და სხვა სახის ობიექტები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ, ამიტომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება. უკვე გაიხსნა ბევრი ახალი ობიექტი და კიდევ იხსნება. ამ ობიექტებში დასაქმებული ადამიანები სამსახურებში ხომ უნდა მივიდნენ?! წარმოიდგინეთ, როგორ კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია, თუ მათი გადაადგილების მთავარი საშუალება კერძო ავტომობილი იქნება… იმისათვის, რომ ასე არ მოხდეს, საჭიროა, მოსახლეობას ჰქონდეს კერძო ავტომობილის უკეთესი ალტერნატივა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით, რომელიც იქნება უფრო სწრაფი, ეკონომიური და უსაფრთხო. სწორედ ეს გაკეთდა ვაკეში.
 
ახლა ტესტირების რეჟიმი მიმდინარეობს. როგორც ვიცი, ტესტირების შემდეგ შესაძლოა, დაგეგმარებაში მცირე ცვლილებები შევიდეს, მაგრამ დაგეგმარების პრინციპი სწორი და მსოფლიოს ქალაქებში აპრობირებულია. მესმის, რომ ეს ჩვენთვის სიახლეა და დაბნეულობას იწვევს, მაგრამ რაც მთავარია, პრინციპი სწორია.“ – აღნიშნავს გელა კვაშილავა.
 
წყარი: კვირა
425