BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დაბალი გავრცელება გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.
 
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია. გამოკითხული მოსახლეობის 84% ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, 41% კი სოციალური ქსელებიდან.
 
როგორც NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული მოქალაქეების 59% დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ენდობა. ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გამოკითხულთა 44 პროცენტი ენდობა, ხოლო მედიას - 18%.
 
კითხვაზე, თუ რაზე დაყრდნობით წყვეტენ მოქალაქეები „ფეისბუქზე“ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია თუ არა, მათი 61% ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედია საშუალებას აკვირდება, ხოლო 37% საკუთარ ინსტიქტებს ენდობა.
 
ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. მოქალაქეების 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.
 
მოსახლეობის 80% კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46%) ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა (38% აიცრებოდა).
243