BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ლევან დავითაშვილი: „ღვინის ინდუსტრიისთვის წლევანდელი სეზონი საკმაოდ რთული იქნება“

არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ ღვინის ინდუსტრიისთვის საკმაოდ რთული იქნება წლევანდელი სეზონი. ღვინის ინდუსტრია დაზარალდა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ გლობალურად, მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გნაცხადა.  
 
"ვფიქრობთ, სახელმწიფოს მხრიდან ლოგიკური და პასუხისმგებლიანია ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. ინსტრუმენტი, რომელმაც ბევრი წლის განმავლობაში ძალიან კარგად იმუშავა, ხელახლა ამოქმედდა.
შეღავათიან აგროკრედიტში არის ცალკე მიმართულება, რომელიც ითვალისწინებს როგორც კაპიტალური ხარჯების საკრედიტო დაფინანსების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის სუბსიდირებას, ასევე, გულისხმობს საბრუნავი საშუალებების პროცენტის თანადაფინანსებას, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უიაფებს საბრუნავ საშუალებებს, შესაბამისად, მათ მეტი ლიკვიდურობა უჩნდებათ, უჩნდებათ მეტი საშუალება იმისათვის, რომ რთველს მომზადებული შეხვდნენ და მეტი ყურძნის მეტ ფასად შეძენა შეძლონ ჩვენი მევენახეებისგან. კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ღვინის წარმოებისთვის 15 თვით მიიღონ შეღავათიანი კრედიტი, ხოლო თუ გრძელვადიან პროდუქტს, სპირტს აწარმოებენ, მიიღონ 3 წლით თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული გაზრდის კერძო სექტორის მოთხოვნას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რთველის ღონისძიებებს და მის წარმატებით ჩატარებას. წელს გვიწევს სუბსიდირება და ეს არის სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლიანი, სწორი გადაწყვეტილება, რომ ფერმერები არ დავტოვოთ პრობლემის წინაშე მარტო. მცირე მოთხოვნის და ჭარბი მოსავლის პირობებში, რქაწითელის შემთხვევაში, სექტორს სჭირდება გარკვეული ინტერვენციები ფერმერების ინტერესების დასაცავად. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია გამოყოფილი.", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 
დავითაშვილის განცხადებით, 2013 წლიდან მოყოლებული ყველა რთველმა ჩაიარა წარმატებით და შეფერხებების გარეშე. 
 
"არსად, არანაირად ჩაბარების პრობლემა არ ყოფილა. არც 2020 წელს, არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება. ბევრი ცდილობს ამ თემით სპეკულირებას, პოლიტიკურადაც, ფერმერების დაძაბვას და ისეთი სიტუაციის წარმოჩენას, თითქოს ფერმერები მიტოვებული არიან. ამას ის ადამიანები ცდილობენ, ვინც, ხშირ შემთხვევაში, თვითონ იყვნენ დამნაშავეები პრობლემების შექმნაში, რომელიც ფერმერებს ექმნებოდათ წლიდან წლამდე. მიუხედავად გამოწვევებისა, ყველაფერი მოგვარდება, საკმარისი ჭურჭელიც იქნება, რთველი იქნება კარგად ორგანიზებული, დამატებითი ელემენტები იქნება გაწერილი მთავრობის დადგენილებაში. ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრულია. დაახლოებით 300 ათას ტონა მოსავალს ველოდებით, რომელსაც დავაბინავებთ. გამოწვევები ძალიან ბევრია, თუმცა, მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდეთ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
270