BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პროგრამა „დანერგე მომავალში“ ცვლილებები შევიდა

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ცვლილებები მოიცავს „სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების“ და „სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების“ კომპონენტებს.
 
ცვლილებების თანახმად, პროგრამას დაემატა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსება უკვე არსებულ ისეთ მრავალწლოვან ბაღებში, რომელიც პროგრამის სტანდარტით არის გაშენებული. დაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1250 ლარს ყოველ 0.5 ჰა-ზე გადაანგარიშებით.
 
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა პროგრამის სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტი. სააგენტო ფინანსურ დახმარებას გაუწევს ახალი სანერგე მეურნეობების შექმნას ან/და არსებული სანერგე მეურნეობების მოდერნიზება/გაფართოებას. თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ იმ სანერგე მეურნეობებზე, რომლებიც შეისყიდიან საბაზისო კატეგორიის სარგავ მასალას სადედე ბაღის მოსაწყობად ან/და მცენარეთა ინ ვიტრო ლაბორატორიებს გასამრავლებელი მასალის საწარმოებლად. ამავე კომპონენტის ფარგლებში, განისაზღვრა კვალიფიციური სანერგე მეურნეობებისათვის მოთხოვნები - მრავალწლიანი კულტურების (გარდა ვაზისა) ჯიში, რომლის გამრავლებაც მოხდება, რეგისტრირებული უნდა იყოს ეროვნულ კატალოგში, ევროპის კატალოგში ან იმ ქვეყნის კატალოგში, სადაც ჯიში იქნა გამოყვანილი, რასაც ცნობის სახით დაადასტურებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; ამასთან, გაცემულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს, თუ არის დაგეგმილი „დაცული“ ჯიშის გამრავლება.
291