BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ფრენები განახორციელოს არა ერთმა, არამედ რამდენიმე ავიაკომპანიამ“ - გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, რომ ფრენები განახორციელოს არა ერთმა, არამედ რამდენიმე ავიაკომპანიამ და მორგებული უნდა იყოს ემიგრანტებზე.
 
გიორგი გახარიას თქმით, ორშაბათიდან საქართველოს მთავრობა ემიგრანტების ჩამოყვანის პროგრამას აახლებს - ბილეთის ფასი კვლავ 200 ევრომდე იქნება, - განცხადება პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
 
„გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მიერ იქნა მიღებული და რომელმაც საქართველო დააფიქსირა, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა კოვიდ 19-ის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის მიღწევა და ყველა იმ ადამიანის მიღწევა, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ. ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
მისივე თქმით, საქართველო მადლობას უხდის ევროკავშირს იმ ობიექტური შეფასებისთვის, რომელიც მან გააკეთა.
 
„ეს დადგენილება, გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე და ეს მუშაობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო და ეკონომიკის სამინისტროებს ორმხრივი მოლაპარაკებები აქვთ, ასევე ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი ემიგრანტების ყოფაზე ევროპაში, ეს პროცესი დროში რომ არ გაიჭიმოს და არ გადავადდეს, გადავწყვიტეთ აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხავადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი მოქალაქეები“, - აღნიშნა პრემიერმა.
 
მისივე თქმით, ორშაბათისთვის უკვე უნდა იარსებოს განრიგმა, თუ როგორ ჩამოვლენ ემიგრანტები და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 200 ევროს.
 
პრემიერმა დაავალა ეკონომიკის სამინისტროს, რომ ფრენები განახორციელოს არა ერთმა, არამედ რამდენიმე ავიაკომპანიამ და მორგებული უნდა იყოს ემიგრანტებზე.
 
"უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც", - მიმართა ეკონომიკის მინისტრს პრემიერმა.
443