BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

Wizz Air-ი ქუთაისის ბაზას დროებით ხურავს და ორი ხომალდი საქართველოდან გაჰყავს

უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზას დროებით ხურავს და მასში ბაზირებულ ორ ხომალდს ქვეყნიდან გაიყვანს. როგორც bm.ge-ის კომპანაში განუცხადეს, ამის გამო საქართველოში თანამშრომლების შემცირება არ მოხდება, ხოლო ბაზის დროებით დახურვა კი, ხარჯების ოპტიმიზაციით არის განპირობებული. რეგულარული ფრენების განახლების შემდეგ კი ავიაკომპანია კვლავინდებურად განაახლებს ფრენებს. 
 
ამასთანავე, კომპანია დღეს 15:00-ზე მისი წარმომადგენლის ბრიფინგსაც გამართავს, სადაც არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტებები გაკეთდება. 
 
დღესვე Wizz Air-მა ფრენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა:
 
“Wizz Air აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას. Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში.
 
Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.
 
Wizz Air მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას”, - ნათქვამია განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ავიაკომპანია ფრენების აღსადგენად სახელმწიფოს დასტურს ელოდება.
 
"მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
 
ცნობისთვის: თავდაპირველად „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის ბაზას აუქმებდა. 
 
„ფრენები (ალბათ) მაინც იქნება (ოდესმე) მაგრამ ეს ძალიან ცუდი ამბავია, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის გადაწყვეტილებამ ჩავიკეტოთ და არ განვაახლოთ ფრენები იმ ქვეყნებთანაც კი, სადაც ძალიან კარგი ეპიდსიტუაციაა“, - წერდა გიორგი კანდელაკი facebook-ის პირად გვერდზე.
 
355