BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

ეროვნული ბანკის გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მაისში, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი მთლიან სესხებზე შეადგენდა 13,6%-ს, რაც 1,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი კი წლის განმავლობაში 14,8%-დან 16,9%-მდე გაიზარდა.
 
ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, მაისის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 21,6%-ს, ეს კი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 4,5%-ით მეტია.
 
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ წლიურ ჭრილში შემცირება ფიქსირდება. კერძოდ, წელს მაისში უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,5%-ს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7,2%-ს.
 
რაც შეეხება იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებს, ზრდა აქაც დაფიქსირდა, თუმცა ტრადიციულად, მინიმალური მოცულობის. კერძოდ, ლარში გაცემული სესხები 10,6%-დან 12,3%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო კანაკვეთი 7,3%-დან 6,8%-მდე შემცირდა. მთლიანად კი უცხოურ ვალუტაში სესხების საპროცენტო განაკვეთი 0,5%-ით შემცირდა.
461