მაისში კომერციულმა ბანკებმა წინა თვესთან შედარებით 25.40 მლნ ლარით ნაკლები სესხი გასცეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში კომერციულმა ბანკებმა წინა თვესთან შედარებით 25.40 მლნ ლარით ნაკლები სესხი გასცეს.
სებ-ის ინფორმაციის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 25.40 მლნ ლარით (0.07%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.20%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 34.18 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 28.85 მლნ ლარით (0.20%-ით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.45 მლნ ლარით (0.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.20%-ით).
„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.44 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.30%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.18 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.45%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.23%-ით მეტი).
2020 წლის მაისის განმავლობაში 0.29%-ით, ანუ 48.59 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 16.72 მლრდ ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სებ-ის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.86 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით არ შეცვლილა).