BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის თანახმად, ტურიზმის მარკეტინგის ხარჯები 9 მლნ ლარით მცირდება

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის თანახმად, ტურიზმის მარკეტინგის ხარჯები 9 მლნ ლარით მცირდება. 
 
2020 წლის პანდემიამდელი ბიუჯეტის თანახმად, წლის განმავლობაში ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგული აქტივობებისთვის 22 621 300 ლარის დახარჯვას აპირებდა.
 
სამიზნე ქვეყნებს ქუვეითი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, გაერთიანებული საემიროები, ყატარი; ომანი; გერმანია; საფრანგეთი; ისრაელი; დიდი ბრიტანეთი; პოლონეთი; ლატვია; ლიეტუვა; ესტონეთი; უკრაინა; ესპანეთი; იტალია; ამერიკა; იაპონია/კორეა; ყაზახეთი ; უზბეკეთი; დანია; შვედეთი; ფინეთი და ნორვეგია წარმოადგენდა.
 
გამომდინარე პანდემიიდან, რა სახის მარკეტინგულ კამპანიებს მიმართავს წელს ტურიზმის ადმინისტრაცია და რომელ ბაზრებზე, ჯერჯერობით, უცნობია. უცნობი რჩება ასევე, 1 ივლისიდან, როცა საქართველო საერთაშორისო საზღვრებს გახსნის, რომელი ქვეყნის ტურისტებს შემოშვებენ ქვეყანაში და რა წესების დაცვით.
 
ცნობისთვის: ანტიკრიზისული ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები (პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებული 485,0 მლნ ლარის გამოკლებით)  მცირდება ჯამში 26,6 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის მიმდინარე ხარჯები შემცირებულია 41,4 მლნ ლარით (ტურიზმის მარკეტინგი ხარჯები მცირდება 9,0 მლნ ლარით, მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები მცირდება 20,0 მლნ ლარით, ხოლო სხვა პროგრამები 12,4 მლნ ლარით), ხოლო კაპიტალური ხარჯები იზრდება 14,8 მლნ ლარით (ძირითადად ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის ხარჯზე).
 
აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში უკვე დასრულდა.
366