BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„Menu.ge“-მ 100-მდე თანამშრომელი სამსახურიდან წინასწარი გაფრთხილებისა და ხელფასების გადახდის გარეშე გაათავისუფლა

„Menu.ge“-მ თანამშრომელი სამსახურიდან წინასწარი გაფრთხილების და ხელფასების გადახდის გარეშე გაათავისუფლა
 
კომპანია „Menu.ge“-მ 100-მდე თანამშრომელი სამსახურიდან წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა, - ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „Business Time“-ს Menu.ge-ს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა განუცხადეს. 
 
მათივე თქმით,  აღნიშნულმა კომპანიამ თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზით და ყოველგვარი წინასწარ გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა. 
 
“მე ოპერატორად დაახლოებით ხუთი თვე ვიმუშავე ამ კომპანიაში, მაგრამ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც 4-5 წელი მუშაობდნენ კომპანიაში და ისინიც უხელფასოდ და გაუფრთხილებლად დაითხოვეს სამსახურიდან. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.  3 ივნისს გენერალურმა დირექტორმა თამარ არევაძემ დაგვიბარა და გვითხრა, რომ ზარები გამოგვერთო და მუშაობა შეგვეწყვიტა, რადგან კომპანია  იხურებოდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა. 
 
მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ბევრი რამ ბუნდოვანია, ვინაიდან ხელშეკრულების ასლები, რომლებიც თანამშრომლებს აქვთ დამქირავებლის მხრიდან ხელმოუწერელია. კითხვაზე თუ რატომ ქონდათ ხელმოუწერელი ასლები, როგორც ჩვენთან საუბარში ყოფილი თანამშრომლები აღნიშნავენ, მათ ხელშეკრულების დედანი არ აქვთ, რადგან ისინი ხელშეკრულების გაფორმების დროს კომპანიამ დაიტოვა, სადაც განუმარტეს, რომ ასე იყო საჭირო, მათ მხოლოდ ასლები გადაეცემოდათ და ასლებზე ხელმოწერა არ იყო სავალდებულო.
 
მათივე თქმით, ისინი ბევრჯერ შეეცადნენ გენერალური დრექტორისგან ფულად კომპენსაციაზე და კუთვნილ ხელფასებზე მიეღოთ პასუხი, თუმცა ამ დრომდე რეალური პასუხი არ აქვთ. 
 
“ქალბატონი არევაძე, როცა ჩვენ ვცდილობთ მისგან პასუხი მივიღოთ კითხვებზე გაურკვევლად გვპასუხობს. ხან ამბობს, რომ საერთოდ არაა კომპანიის დირექტორი, ხან ამბობს რომ არის და ხელფასებს დაგვირიცხავენ, მაგრამ კომპენსაცია, რომელიც ხელშეკრულების თანახმად 2 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითვალისწინებს არ გვეკუთვნის, ვინაიდან ეს  მხოლოდ მათი კეთილი ნებაა, რისი იმედიც არ უნდა გვქონდეს. ხან კი ამბობს, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი სომხური მხარეა. თუმცა ჩვენ მათაც მივწერეთ და ისინი ყველანაირ ვალდებულებას იხსნიან”, - აცხადებენ გათავისუფლებული თანამშრომლები.
 
მათივე ინფორმაციით, კომპანიას რესტორნებთანაც გააჩნია დავალიანება, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობდა. რესტორნების წარმომადგენლები დღემდე რეკავენ, რათა კუთვნილი თანხები კომპანიის მხრიდან მიიღონ. 
 
როგორც გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, მათ მუშაობის პერიოდში საპენსიო ფონდში გადასარიცხ პროცენტსაც აჭრიდა კომპანია, თუმცა როგორც მათ გაარკვიეს, საპენსიო ფონდში არ რიცხავდნენ. 
 
„როგორც აღმოჩნდა თანამშრომლებს ნაწილს თანხები ყოველთვიურად ეჭრებოდათ, მაგრამ საპენსიო ფონდში არცერთი თეთრი ჩარიცხულა. პასუხს კი ამ საკითხზეც ამ დრომდე ვერ ვღებულობთ.არ ვიცით სად წავიდა ეს თანხები, აქ არიან თანამშრომლები რომლებსაც საპენსიო დანაზოგი 2019 წლიდან ექვითებოდათ და აღმოჩნდა, რომ მათ ანგარიშზე ფონდში არანაირი ჩარიცხვა არ არის. თუმცა საპენსიო დანაზოგი პანდემიის დროსაც კი გვექვითებოდა, როცა ხელფასები სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე განახევრებული გვქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ არაოფიციალურად შეწყვიტა ორგანიზაციამ ფუნქციონირება, რის შედეგადაც დღემდე დასაქმებულებად ვითვლებით და ამ მიზეზით სახელმწიფოს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გამიყოფილი კომპენსაციითაც ვერ ვსარგებლობთ. მაშინ როცა აპრილის შემდეგ ხელფასი არ აგვღია“, - ამბობს ჩვენთან საუბარში.
 
ჩვენს კითხვაზე, რას აპირებენ გათავისუფლებული თანამშრომლები, გათავისუფლებული თანამშროლმელბი გვეუბნებიან, რომ აუცილებლად მიმართავენ სასამართლოს.  
 
„ვაპირებთ სასამართლოში კომპანიას ვუჩივლოთ,  რათა ჩვენი კუთვნილი თანხები დავიბრუნოთ”, - ამბობენ გათავისუფლებული თანამშრომლები. 
 
საინფორმაციო სააგენტო „Business Time” ცდილობს დაუკავშირდეს კომპანიას და გაარკვიოს აღნიშნული საკითხი. 
 
შეგახსენებთ, რომ საჭმლის მიმწოდებელი კომპანია Menu.ge  ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
1130