BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეროვნული ბანკი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე დასკვნას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით პარლამენტს საკუთარი შეფასება უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ის ახალი ვალები, რომელთა აღებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას რისკს არ შეუქმნის და ვალი მდგრად დონეზე შენარჩუნდება. 
 
ეროვნული ბანკის დასკვნა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე:
 
საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 10,303 მილიონი ლარით განისაზღვრება, საიდანაც 8,979 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 1,323 მილიონი ლარი არასაგადასახადო შემოსავლებზე მოდის. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7.1 პროცენტით მცირდება.
 
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 14,811 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც მიმდინარე ხარჯებისთვის 11,586 მილიონი, ხოლო კაპიტალურ ხარჯებსა და წმინდა დაკრედიტებისთვის 3,225 მილიონი ლარია განსაზღვრული. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2019 წელთან შედარებით 2,449 მილიონი ლარით იზრდება. ზრდა შეეხო მიმდინარე ხარჯებს (2,515 მლნ ლარი), ხოლო კაპიტალური ხარჯები და წმინდა დაკრედიტება კი 66 მლნ ლარით მცირდება.
 
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წელს მშპ-ს საპროგნოზო ოდენობის 8.5 პროცენტზე არის დაგეგმილი მაშინ, როდესაც 2019 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 2.0 პროცენტი იყო. პანდემიის შედეგად ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის დროებითი ზრდა გამართლებულია, ერთი მხრივ, ჯანდაცვისა და გაზრდილი სოციალური საჭიროებების დასაფინანსებლად და, მეორე მხრივ, ეკონომიკის აღდგენის პროცესის მხარდაჭერისთვის. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა არ უნდა მოხდეს იმ დონემდე, რომელიც ინფლაციაზე დამატებითი წნეხის რისკებს გააჩენს და საფრთხეს შეუქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ეროვნული ბანკის შეფასებით, ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი დაბალანსებულია - ერთი მხრივ, ის პასუხობს შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის მხარდაჭერის ამოცანას, მეორე მხრივ, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის აღნიშნული ზრდა დროებითი ხასიათისაა, ეს პარამეტრი მომავალ წლებში ეტაპობრივად მცირდება და 2023 წლისთვის მდგრად დონეს (3 პროცენტი) უბრუნდება. შედეგად, 2020 წლის ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, შემდგომ წლებში ფისკალური კონსოლიდაციის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზეწოლის რისკებს არ ქმნის. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გაზრდილი დეფიციტის ძირითადი ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით მოხდება. შედეგად, გაიზრდება საერთაშორისო რეზერვები, რაც საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს საჭიროების მიხედვით განახორციელოს სავალუტო ინტერვენციები და ამ გზით თავიდან აირიდოს ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტიდან მომდინარე პოტენციური დამატებითი წნეხი გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე.  
 
ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყარო ვალდებულებების ზრდაა. პროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის გზით 1,850 მლნ ლარის მობილიზება, რაც წინა წელთან შედარებით 901 მლნ ლარით მეტია. საგარეო ვალდებულებები 5,199 მლნ ლარით იზრდება. შედეგად, მთავრობის ვალი მშპსთან მიმართებით 2020 წელს 13.2 პროცენტული პუნქტით იზრდება და 54.4%-ს შეადგენს. სწრაფი ზრდის მიუხედავად, მთავრობის ვალი მშპ-სთან კვლავ 60%-ზე ნაკლებია. იმ დაშვებით, რომ მომდევნო წლებში მშპ-ს ზრდა საშუალოდ 5%-ის ფარგლებში იქნება და საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ მცირდება, ვალის აღნიშნული ზრდა საშუალოვადიან პერიოდში ვალის მდგრადობის რისკებს არ წარმოშობს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის დასკვნაში.
368