BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პირველ კვარტალში ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 8.6%-ით შემცირდა

2020 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.6 პროცენტით შემცირდა. კერძოდ, როგორც “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკაშია აღნიშნული, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 430.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
 
ამასთან, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 887.2 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.0 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.4 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.
 
2020 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (53.5 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
 
რაც შეეხება ხარჯებს, პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 127.2 მილიონი ლარით, რაც 4.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 10.7 პროცენტით და 122.3 ლარს უტოლდება.
392