BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო მომხდარის შედეგად დაშავებული 1 პირი, რომელიც ამავე გაზგასამართ სადგურზე მუშაობს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 
 
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ამაშუკელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
 
ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული უსაფრთხოების ყველა ზომა და გადაიკეტა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.
 
ცეცხლი გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდგარ შენობა-ნაგებობას ეკიდა. აფეთქებამ, ასევე, ახლომდებარე შენობებზე შუშებიც ჩაამსხვრია.
 
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო", – წერია განცხადებაში.
354