BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„კრიზისული პერიოდიდან წარმატებით გამოსვლაში მცირე მეწარმეებმა და პატარა მაღაზიებმა დიდი წვლილი შეიტანეს“ - „ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“

მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში კორონავირუსის გარშემო შექმნილი კრიზისის ფონზე სურსათის შეუფერხებლად მიწოდება მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. რა მდგომარეობა იყო საქართველოში ამ მხრივ და რამდენად შეუფერხებლად მუშაობდნენ უბნის მაღაზიები? საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმთან“ საუბრისას „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ პანდემიის რეჟიმში არსებული ყველა შეზღუდვის მიუხედავად, მოსახლეობისთვის სურსათის მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდებოდა. 
 
„საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის დახურულ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, პირბადეებისა და ერთჯერადი ხელთათმანის ტარებისა თუ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული და ასეა ახლაც. ამის მიუხედავად, კარანტინის პირობებში მოსახლეობისთვის სურსათის მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდებოდა და დღესაც უწყვეტად მიეწოდება, რაც, ერთი მხრივ, ბაზრის მრავალფეროვნებას უკავშირდება“, - განაცხადა ლუკა ჭელიძემ.
 
მისივე თქმით, კრიზისული პერიოდიდან წარმატებით გამოსვლაში მცირე მეწარმეებმა და პატარა მაღაზიებმა დიდი წვლილი შეიტანეს.
 
„მომხმარებლების მასიურ მოთხოვნას პროდუქტებზე ქსელური და ე.წ. უბნის მაღაზიები ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ. საგანგებო მდგომარეობის პირობებში წარმატებით ფუნქციონირებდა და დღემდე ფუნქციონირებს მცირე ზომის მაღაზიები, რომლებიც არაერთი შემზღუდავი რეგულაციის მიუხედავად, მოსახლეობას სასურველ პროდუქციას შეუფერხებლად აწვდიან. მით უმეტეს, რომ მცირე ბიზნესისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინება (დეზინფექცია, პირადი ჰიგიენის საშუალებები, კომენდანტის საათი და სხვ.) გაზრდილ ხარჯთანაა დაკავშირებული. საბოლოო ჯამში, კრიზისული პერიოდიდან წარმატებით გამოსვლაში მცირე მეწარმეებმა და პატარა მაღაზიებმა დიდი წვლილი შეიტანეს“, - განმარტა ლუკა ჭელიძემ.
 
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების პარალელურად, „ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“ განაგრძობს თანამშრომლობას „პროდემოსთან“ და აღნიშნულ ფონდისა და სექტორი 3-ის ერთობლივი ინიციატივის, „შენმოქმედის“ ფარგლებში, COVID 19-ის პირობებში 100 მაღაზიის თანამშრომლებს პირბადეებით, ხელთათმანებითა და დამცავი ფარებით უზრუნველყოფს.
 
„ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“ მცირე მაღაზიების უფლებებისა და ინტერესების დაცვას და კანონმდებლობის შესახებ მათ ინფორმირებას ემსახურება. ასევე, საქმიანობის ფარგლებში ასოციაცია წევრებს სხვადასხვა მომსახურებას (ცხელი ხაზი, იურიდიული კონსულტაცია, საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები და სხვ.) სთავაზობს.
 
 
1949