BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პირველი ქვეყანა ისრაელი იქნება, საიდანაც ტურისტები ჩამოვლენ - პრემიერი

პირველი ქვეყანა, როგორც ჩანს, ისრაელი იქნება, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას საქართველოში სტუმრები მალე მივიღოთ, ტურისტები ამ ქვეყნიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის შესახებ.
 
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. 
 
გახარიას თქმით, ამისათვის ძალიან აქტიურად მუშაობს, როგორც ტურიზმის სააგენტო, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები.
 
„დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან ამ მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომლებიც სულ მალე დასრულდება ჩვენთვის მისაღები შედეგით. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი და რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას საქართველოში სტუმრები მალე მივიღოთ, ტურისტები ამ ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთან. ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვიშნოთ, რომ ამისათვის აუცილებელია ყველამ ერთად, ჩვენს მოქლაქეებთან ერთად დავიცვათ უსაფრთხეობის ის წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების წესებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები და ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობად, არამხოლოდ ტურიზმში, არამედ მაგალითად, სოფლის მეურნეობაშიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
442