BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რატი აბულაძე: კრიზისისადმი იმუნიტეტს ეფექტიანი მართვა ქმნის

პანდემიის მემკვიდრეობასა და ეკონომიკურ შედეგებს განსაზღვრავს პოლიტიკური ინსტრუმენტების და მართვის ეფექტიანობა. არსებულ კონტექსტში, სახელმწიფოებრივად მომგებიანი იქნება შემდეგი მიდგომები და პრაქტიკული ნაბიჯები:
  • საჭიროა ეკონომიკის რესურსების დემობილიზაცია სოციალური იზოლაციისა და დისტანციის ჩარჩოებში. ქვეყანას სჭირდება სისტემა, რომელიც წარმოების იმგვარად შემცირებას შეძლებს, რომ არსებობის რესურსი არ გაქრეს. იმისათვის, რომ ეკონომიკურმა თვითიზოლაციამ „ფეთქებადი მღელვარება“ არ შექმნას, ეკონომიკური აქტივობა იზოლაციის ჩარჩოებში უნდა გაგრძელდეს;
  • რაციონალური იქნება, რომ ქვეყანა გახდეს პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი ინვესტორი. მუდმივად ინვესტიციების მოზიდვაზე სწრაფვა ლოგიკურია. მაგრამ დროა ჩვენც შევქმნათ გლობალური კომპანიები და სხვა ქვეყნის ბაზრები ავითვისოთ;
  • სტრატეგიული აუცილებლობითაა განპირობებული თავდაცვის ხარჯების ზრდა. პანდემიის გამო, არაპროგნოზირებადია გლობალიზაციის ურთიერთხელსაყრელი მოცემულობის მომავალი, უცნობია საერთაშორისო თანამშრომლობისა და ღია გეოპოლიტიკური კონკურენციის განვითარების სცენარი;
  • მნიშვნელოვანია ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზაცია ისევე, როგორც ეს არჩევნებისთვის ხდება. აღნიშნული „გამოცდილება“ გამოყენებული უნდა იქნას ანტიკრიზისული სცენარის აკადემიურად შემუშავების, „მიწის დამუშავების“ ორგანიზების, ციფრული სივრცეების ათვისების მიზნით;
  • აუცილებელია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების „პრაქტიკული“ როლის ზრდა სოფლის მეურნეობის, სამედიცინო, სამხედრო მრეწველობის, გემთმშენებლობისა და ავიაინდუსტრიის მიმართულებით (ჯამში, ყველა მიმართულებით). პოლიტიკური ინსტრუმენტები  მიმართული უნდა იქნას ინოვაციების შედეგებზე, მათ შორის : პატენტი, ნოუ-ჰაუ, გლობალური ბრენდის შექმნა;
  • სახელმწიფოებრივად მომგებიანია საქართველოში არსებული რესურსის დაფასება. საჭიროა მეტად დაფასდეს: ქართული პროდუქტი და ტექნოლოგიები, ქართველი მეცნიერებისა და ექსპერტ-ანალიტიკოსების რეკომენდაციები;
  • სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ქვეყნის ახალ ეკონომიკურ რელსებზე გადაწყობა. ყველამ იცის, რომ დღეს ქვეყანაში საერთაშორისო დახმარებებისა და ვალების აღების საჭიროებაა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვალებით და არსებული ეკონომიკური პოლიტიკის რესურსით, მთავრობას ყველას სოციალური მდგომარეობის თანასწორად უზრუნველყოფა და  პანდემიით გამოწვეული ზიანის სრული კომპენსირება არ შეუძლია. გამოსავალი კი მხოლოდ ახალ ეკონომიკურ რელსებშია;
  • დაბოლოს, კრიზისში ბიუჯეტის ხარჯვა და ვალის აღება ჩვეული პროცესია. თუმცა, პოლიტიკური მიღწევა იქნება კრიზისის მოცემულობაში, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ასპარეზიდან სარგებლის მიღება.

 

ავტორი: რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი
794