BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ მაღალი არა

კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი ჯერჯერობით დაბალია , -ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეოჩართვისას „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რამდენად მაღალია კორონავირუსით განმეორებით დაინფიცირების რისკი და ხომ არ აქვს ცენტრს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან კონკრეტული რეკომენდაციები იმ პირების მიმართ, ვინც გამოჯანმრთელდა.
 
ამირან გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით მკაცრი რეკომენდაციები არ არსებობს.
 
„ე.წ. რეინფექციის, ანუ ხელმეორედ დაინფიცირების რისკი ჯერჯერობით დაბალია, რადგან ამ ვირუსს სულ სამი თვის ისტორია აქვს. მოგეხსენებათ, გრიპის დროს, რომელიც ძალიან ჰგავს კორონავირუსს თავისი კლინიკით, ასევე ძალიან დაბალია რისკი. როგორც წესი, ის ტოვებს იმუნიტეტს, იგივე გრიპის ვირუსი ან სხვა რესპირაციული ვირუსები, მაგრამ ისინი არ ტოვებენ იმ ტიპის იმუნიტეტს, რომელსაც, მაგალითად წითელა, ქუნთრუშა ან სხვა გადატანილი დაავადება. რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, მაგრამ მაღალი არა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
 
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 196 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 მოქალაქეა.
364