BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაგეგმილ ჩარტერულ რეისებზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე.
 
მისივე განცხადებით, 23 და 24 მარტს შესრულებული ფრენებით სამშობლოში საქართველოს 300 მოქალაქე დაბრუნდა.
 
„უკვე განხორციელდა ორი ფრენა - 23 მარტს: თბილისი-ბერლინი-ბათუმის მიმართულებით და 24 მარტს: ათენი- თბილისი-ათენის მიმართულებით, რომელიც შეასრულა „ეგეოისის ავიახაზებმა“ და ამ ორი რეისით საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე. რაც შეეხება შემდეგ განრიგს, ასეთია : 26 მარტს შესრულდება რეისი: თბილისი-ვენა-თბილისის მიმარულებით, 31 მარტს: თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით, 3 აპრილს: თბილისი- ვარშავა-თბილისის მიმართულებით, 7 აპრილს: თბილისი-ათენი-თბილისი, 10 აპრილს: ლარნაკა-თბილისის მიმართულებით.
 
მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთმოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე“, - განაცხადა ზალკალიანმა.
 
რაც შეეხება ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით გაუქმებულ ფრენებს, ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული ფრენები 26 და 31 მარტს შესრულდება.
 
„რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას ვენის და ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც უნდა შესრულდეს 26 მარტს და 31 მარტს, როგორც უკვე ცნობილია კომპანია „აირზენას“ თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო, გაუქმდა. შედეგად, ჩვენ ამჟამად ვენაში გვყავს გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილიც თავშესაფრით და პირველადი საჭიროების პროდუქტებთ უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში. ანალოგიური ვითარებაა ამსტერდამში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს დაგეგმილ და შემდეგ გაუქმებულ რეისებზე გაყიდული ბილეთების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებიც საელჩოს დახმარებით უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების პროდუქტებით. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილას, მხედველობაში მაქვს ვენა და ამსტერდამი, დავაბრუნოთ სამშობლოში. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი სრულად ივსება. მეტი სანდოობისთვის, კომპანია მზადააა გამოაქვეყნოს შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
 
მისივე განმარტებით, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.
370