BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ახალი პროექტი - „ღვინის ხალხის“ პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის ღვინის მუზეუმში, ახალი პროექტის „ღვინის ხალხი“ პრეზენტაციას დაესწრო.
 
პროექტს, რომლის მიზანია ღვინის მწარმოებელი მცირე და საოჯახო მარნების მხარდაჭერა და მათი განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კომპანია „თელიანი ველი" ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს
.
„ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მცირე და საოჯახო მარნების განვითარება და იშვიათი ჯიშების ყურძნისგან ღვინის წარმოების ხელშეწყობაა, რაც ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროექტი „ღვინის ხალხი“ სრულ თანხვედრაშია ჩვენ პოლიტიკასთან. ეს საუკეთესო მაგალითია დიდი კომპანიისა და მცირე მარნების თანამშრომლობის, რაც მისაბაძი უნდა გახდეს სხვა კომპანიებისთვისაც. ქართული ღვინო და მისი მრავალფეროვნება, საქართველოს სავიზიტო ბარათია, ჩვენი ძლიერი მხარეა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სწორი პოლიტიკა და მართვა. ჩვენ შევძელით უნიკალური და იშვიათი ჯიშების შენარჩუნება და ახლა მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მათ ინდუსტრიალიზაციას და წარმოებაში დაბრუნებას. ეს საშუალებას მოგვცემს, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტით წარვდგეთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 
პროექტის ფარგლებში, მოხდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ყურძნის უნიკალური, იშვიათი და ნაკლებად კომერციული ჯიშებისგან წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოების ჩამოსხმა და პოპულარიზაცია-რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
 
„ღვინის ხალხის“ პირველი კოლექცია ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მცირე მარნების წარმოებულ 10 სხვადასხვა ღვინოს აერთიანებს და თითოეული ბოთლი ღვინის მწარმოებლის ისტორიას გადმოსცემს. პროექტი ხელს შეუწყობს ბოლნური ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის მწარმოებელი მცირე და საოჯახო მარნების გაფართოებას და წარმოების ზრდას. აღსანიშნავია, რომ ბოლნისელი მეღვინეების ინიციატივითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით, ბოლნისი ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა.
 
თბილისის ღვინის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები ესწრებოდნენ.
375