BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, გზებზე ე.წ. შავი წერტილები განისაზღვრება

ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, არსებულ გზებზე ე.წ. შავი წერტილები განისაზღვრება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ზუსტი ამსახველი ადგილები განისაზღვრება.
 
წარმოდგენილი პროექტით "შავ წერტილად" განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.
 
„აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია გზებზე არსებული სახიფათო მონაკვეთების შესახებ მუშავდება უწყვეტად, მუდმივ რეჟიმში და აღნიშნული ვალდებულება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღების შედეგად, განხორციელდება აღნიშნული პროცესის ფორმალიზება იმ განმარტების შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრება „შავი წერტილი“, - განაცხადა კანონპროექტის მომხსენებელმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა დღეს რეგიონული რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.
 
კანონპროექტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კი, აღნიშნულ ანალიტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათი გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საავტომობილო გზების მიხედვით განახორციელებენ "შავი წერტილის" აღმოფხვრის და მასზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებებს.
 
კანონპროექტის თანახმად, მისი მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წარდგენილია სტატისტიკური მონაცემები გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ. კერძოდ, 2018 წელს საქართველოში დაფიქსირდა 6,452 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რამაც გამოიწვია 459 ადამიანის დაღუპვა და 9,048 სხეულის მძიმე დაზიანება, ამასთან 2019 წლის 11 თვის მდგომარეობით (იანვარი-ნოემბერი) დაფიქსირებულია 5,330 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რამაც გამოიწვია 427 ადამიანის დაღუპვა და 7,291 სხეულის მძიმე დაზიანება.
 
2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს მთავრობის №317 განკარგულებით დამტკიცდა საგზაო უსაფრთხოების 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 5 ძირითად ამოცანას: ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდგომ ეფექტური რეაგირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
391