BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სენატორი ჯიმ რიში: სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა მიუღებელი ქცევაა

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში საკუთარ Twitter-ზე უზენაესი სასამართლოს მიერ "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნისთვის, გიგი უგულავასთვის სამწლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა. 
 
სენატორი წერს, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული სამართლის ზრდა შემაშფოთებელია.
 
"იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის გაზრდის გზა აირჩია. როგორც გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა", - წერს ჯიმ რიში. 
 
უფრო ადრე "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე უგულავას დაპატიმრებას კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერიც გამოეხმაურა. "იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, საკმარისი არ იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის", – დაწერა კინზინგერმა.
 
ჯიმ რიში და ადამ კინზინგერი იმ მაღალი რანგის ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის არიან, ვინც დეკემბერ-იანვარში საქართველოს პრემიერს შეშფოთების წერილები გაუგზავნეს და გასულ კვირას თბილისიდან ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.
 
10 თებერვალს უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ, გიგი უგულავა "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე თანხის (48 მლნ. ლარი) გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
782