BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეკონომიკის სამინისტრო ჩინეთში მყოფ 3 მოქალაქეს საქართველოში გამომგზავრებაში დაეხმარება

გუშინ საინფორმაციო სააგენტო „Business Time”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჩინეთში ჩარჩენილი სამი საქართველოს მოქალაქის შესახებ, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა.
 
ეკონომიკის მინისტრის დავალებით, საქართველოს სამ მოქალაქეს აეროპორტების გაერთიანებამ დუბაის გავლით თბილისის მიმართულებით სამგზავრო ბილეთები უკვე შეუძინა. ლუკა ბუხრაშვილი, ნინო ვაშალომიძე და ანი ტატიშვილი პეკინიდან თბილისში, ხვალ, 8 თებერვალს Fly Dubai-ს რეისით პეკინის დროით 23 საათსა და 50 წუთზე გამოფრინდებიან. საქართველოში კი 9 თებერვალს, თბილისის დროით 15:50 საათზე იქნებიან.
 
„ამ დილით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან დაგვიკავშირდნენ, მოგვიანებით კი შეგვატყობინეს, რომ დუბაის გავლით თბილისის მიმართულებით ბილეთები შეგვიძინეს. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ყველას მადლობა გადაუხადო. მადლობა მედიას და ეკონომიკის მინისტრს ჩვენი პრობლემის ასე ოპერატიულად მოგვარებისთვის“, - განუცხადა „Business Time”-ს ჩინეთში ჩარჩენილმა საქართველოს მოქალაქე ნინო ვაშალომიძემ.
 
საინფორმაციო სააგენტო „Business Time”-ი დაინტერესდა, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ თუ არა ე.წ. ორკვირიანი კარანტინის გავლა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გაყრელიძემ ასე გვიპასუხა: 
 
„მათ შესაბამისი შემოწმების გავლა მოუწევთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თუ დაუდგინდათ ხველება, სიცხე და სხვა ვირუსისთვის მახასიათებელი სიმპტომები, ამ შემთხვევაში გადაიყვანენ ინფექციურში - ბლოკირებულ პალატაში. სხვა შემთხვევაში, მათ დაურიგდებათ ბუკლეტები ვირუსის სიმტომების შესახებ“, - განგვიმარტა ამირან გამყრელიძემ.
 
აღსანიშნავია, რომ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაm“ (30 იანვარს) Turkish Airlines-ის ავიარეისით, თბილისის მიმართულებით 11 ადამიანის და Qatar Airways-ის ავიარეისით 1 ადამიანის საქართველოში დაბრუნება უზრუნველყო.
 
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან დროებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყდა.
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
1732