BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეპიდემიოლოგიური გაურკვევლობა აძლიერებს ეკონომიკურ გაურკვევლობას

ეპიდემიოლოგიური გაურკვევლობა აძლიერებს ეკონომიკურ გაურკვევლობას. კორონავირუსის გაურკვეველი ბუნების, გავრცელების მცირე მასშტაბის, ლეტალურობისა და დაინფიცირებულთა რაოდენობის საფუძველზე შეიძლება ანალიზი გაკეთდეს მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდში. 
 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გავრცელება აშინებს მსოფლიო ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს, საფრთხის წინაშე აყენებს ეკონომიკურ აქტივობას, ანელებს ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტურ პროგნოზებს. ამ ფონზე გლობალური საფინანსო, საინვესტიციო, ბიზნეს სივრცე მოლოდინშია და აკვირდება პროცესებს. ამიტომ, არსებული ფორმატით, ციფრებსა და მსოფლიო ეკონომიკური დანაკარგებზე საუბარი ნაადრევია.
 
ჩინეთის ბაზრის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მაკროდონეზე ეპიდემიის ეკონომიკური და ფინანსური გავლენა  მნიშვნელოვანი მასშტაბების არ არის. აღსანიშნია ისიც, რომ: 
  • მართალია იუანი მცირედ გაუფასურდა, თუმცა ქვეყნის ეროვნული ვალუტის ცვალებადობა სტაბილური რჩება. ამასთან, გაუფასურების საფუძველი აშშ-სთან სავაჭრო კონფრონტაციაშიც მდგომარეობს;
  •  გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ფინანსურ ბაზარები (იაპონიასა და ევროპაში აქციები  2%-ით დაეცა, ნიუ იორკში შ&P 500 1.6%-ით დაეცა). აღსანიშნია, რომ აქციების ცვალებადობას განაპირობებს მოლოდინი. აქციონერები ცდილობენ განსაზღვრონ მოსალოდნელი სცენარი. ძირითადად შეიმჩნევა იმ კომპანიების აქციების გაუფასურება, რომელთა გაყიდვები დამოკიდებულია ჩინეთზე. თუმცა,  ფასები გაიზარდა იმ კომპანიის აქციებზე, რომელიც აწარმოებს სამედიცინო ნიღბებს, ხელთათმანებს. ჯამში, ეს პროცესი არსებითი გავლენის არ არის და ნეგატიურ გავლენას ვერ იქონიებს ლიკვიდობაზე;
  • მცირედით შემცირდა ნავთობის ფასი. შემცირება განაპირობა ტრეიდერების მოლოდინი, რომ მსოფლიო ეკონომიკური აქტივობის შესუსტების შემთხვევაში (მოსალოდნელი სცენარი) ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა შემცირდება;
  • მხედველობაშია მისაღები ჩინური ტურისტული ბიზნესის ჩავარდნის შესაძლო სცენარი, ჩინეთში ჯანდაცვის ხარჯების ზრდა, დაზღვევის ხარჯების ზრდა, ეკონომიკური აქტივობის შემცირება, საექსპორტო და საიმპორტო პროდუქციის ბრუნვის შენელება, სამომხმარებლო და ბიზნეს აქტივობის შეფერხება;
  • მოსალოდნელია ფინანსური პრობლემების ასახვა ეკონომიკურ პრობლემებზე. ტრეიდერების მოლოდინები და აქტივების შეფასება გავლენას ახდენს მომავალ მდგომარეობაზე;
  • გასათვალისწინებელია არამხოლოდ არსებული ეკონომიკური ზიანი, არამედ ზიანის შემდგომი ადღგენის ხარჯიც.
ჩინეთის ბაზრის ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ ჩინელი მომხმარებლის ხარჯებში 20% ტრანსპორტისა და გართობის წილია. ამიტომ, განიხილება, რომ თუ მომსახურების ინდუსტრიის შემოსავლები 10%-ით დაეცემა, ჩინეთის ეკონომიკა 1.2%-ით შემცირდება. ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ ჩინეთის მთავრობა პანდემიის პრევენციის მიზნით, ზღუდავს მოქალაქეების ტრანსპორტირების შესაძლებლობებს. შესაბამისად, ჩინელი მომხმარებელი  სახლში რჩება, ეს კი სამომხმარებლო აქტივობის შენელებას  განაპირობებს.
 
კვლევები აჩვენებს, რომ ეპიდემიას გვერდითი ეფექტები ექნება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებისთვის, ორიენტირები იქნება ევროპასა და აშშ-ს ეკონომიკის მიმართულებითაც. მაგალითად, ჩინეთის მშპ-ის ზრდის შემცირების ნეგატიური გავლენა აშშ-სა და ევროპის ეკონომიკაზე 1:5-ია. შესაბამისად, თუ ჩინეთის ეკონომიკის ზრდა  0.1%-ით შემცირდება, მაშინ აშშ-სა და ევროპის ზრდა შემცირდება 0.2%-ით. ხოლო ავსტრალიის ეკონომიკაზე ზემოქმედება  ორჯერ მეტი იქნება. თუმცა, დღეს გავლენის მასშტაბები უმნიშვნელოა. სხვადასხვა შეფასებით ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 5.7% იქნება (თუ ეპიდემიოლოგიური გაურკვევლობა არ დაიძლია).
 
აღსანიშნია, რომ თუ კორონავირუსის მასშტაბები დიდი იქნება, მაშინ:
 
  •  ყველა ის სფერო იგრძნობს ეკონომიკურ დარტყმას, რომელიც  შინამეურნეობების შემოსავლების ხარჯზე აქტიურობს;
  • ზიანი მიადგება გართობის, ტურისტული მომსახურების, სასტუმროების, საზოგადოებრივი კვების, ტრანსპორტის, სადაზღვევო და საცალო ვაჭრობის სფეროს;
  • შემცირდება საინვესტიციო აქტივობა, კომპანიების კაპიტალური დანახარჯები;
  • გაიზრდება სახელმწიფოს ხარჯები ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით;
  • შეფერხებები იქნება დისტრიბუციასა და მიწოდებაში;
  • გამკაცრდება ფულად-საკრედიტო პოლიტიკა;
  • გამოწვევების წინაშე დადგება საფინანსო სექტორი;
  • ეპიდემიას გვერდითი ეფექტები ექნება მეზობელი ქვეყნებისთვის (საქართველო ამ ქვეყნების სიაში არ არის);

ხაზგასასმელია, რომ ჩინეთის ექსტრემალური მდგომარეობა  ჯერ მსოფლიოზე არ ასახულა და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის  გავლენის სცენარებს არ განვიხილავ. თუმცა, რეკომენდაციის სახით აღვნიშნავ, რომ;

  • მისასალმებელია სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ჩინეთიდან პირდაპირის ფრენების დროებით შეჩერების, მოქალაქეების ევაკუაციის, საქართველოს აეროპორტებში კორონავირუსზე მგზავრების შემოწმების მიმართულებით.მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი ეკონომიკა ისედაც „პანდემურია“, საზოგადოება ეკონომიკურად დასუსტებული, აკადემიური სექტორი სოციალურად დამძიმებული. აღნიშნულის მიზეზი კი არის არა ჩინურ პანდემიაში, არამედ მმართველობითი პოლიტიკის გამოწვევებში;
  • ქვეყანამ უნდა შეიმუშოს ეკონომიკაზე ჩინეთის გავლენების შემცირების მოდელი. გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს  პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის პროცესი ჩინეთში. საქართველოს ჩინეთთან გააჩნია 227.6 მლნ დოლარის საექსპორტო და 858.6 მლნ დოლარის საიმპორტო აქტივობა (2019 წ), ასევე, 75 მლნ დოლარის საინვესტიციო აქტივობა (2018 წ.). შესაბამისად, კარგი იქნება, თუ „პანდემიას წინ გაუსწრებს“ იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლების პოლიტიკა;
  • საქართველოში, პანდემიას გავლენა არ ექნება, თუ სახელმწიფო ინფექციური დაავადებების ლოკალიზების ეფექტიან ღონისძიებებს გაატარებს. პანდემიის პრევენციისა და მკაცრი ზომების გატარებით ქვეყანა არ აღმოჩნდება გამოწვევების წინაშე . სწრაფი და დროული რეაგირა კი შეამცირებს გამოწვევების თანმდევ პროცესებს. ეს კი თავის მხრივ ამაღლებს ჯანმრთელობას, ნდობას, ეკონომიკას, სამომხმარებლო და ბიზნეს აქტივობას;
  • და ბოლოს, წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ ეპიდემიის ეკონომიკური გავლენა მოკლევადიანია. ეპიდემიის ჩაქრობის შემდგომ ეკონომიკა ხასიათდება სწრაფი რეგენერაციით.
 
ავტორი: რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი
768