BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნარმანია: 3 წლის განმავლობაში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, გაზის ტარიფი არ გაიზრდება

უახლოესი 3 წლის განმავლობაში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, გაზის ტარიფი არ გაიზრდება. - ამის შესახებ სემეკ–ის თავმჯდომარრმ დავით ნარმანიამ განაცხადა.
 
მისი განმარტებით, თბილისში 3–წლიანი ტარიფები უკვე დადგენილია, რაც შეეხება რეგიონებს, იქ ჯერჯერობით დროებით შენარჩუნდება არსებული ფასები, რადგან "სოკართან" ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მიუხედავად ამისა, როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი "საქმიან დილაში" ამბობს, უკიდურეს შემთხვევაში, არსებულ დანაკლისს თავად მთავრობა დააკომპენსირებს და მოსახლეობას ეს ცვლილება არ შეეხება.
 
"წელს პირველად დავადგინეთ 3–წლიანი ტარიფები გაზის სექტორში. მომდევნო 3 წლის განმავლობაში გაზის ფასი არ გაიზრდება და ეს ტარიფი იქნება შენარჩუნებული. რეგიონებზე დავადგინეთ დროებითი ტარიფი "სოკარის" და "საქორგგაზის" ნაწილში. სხვაგან, სადაც პატარა კომპანიები ოპერირებენ, იქაც 3–წლიანი ტარიფები გვაქვს დადგენილი.
 
"სოკარის" და "საქორგგაზის" ტარიფებს ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით და ამ წლის ზაფხულამდე დავადგენთ, ამასაც 3–წლიანი ფორმით. ველოდებით მოლაპარაკებების დასრულებას, რაც რა ფორმითაც არ უნდა დასრულდეს, სახელმწიფოს აქვს გარკვეული რესურსი და რეზერვი იმისათვის, რომ ტარიფები აქაც არ გაიზარდოს და იქნას შენარჩუნებული, ასე რომ ტარიფების გაზრდას არც რეგიონში არ ველოდებით", - ამბობს ნარმანია.
 
შეგახსენებთ, რომ ქართული მხარე აზერბაჯანთან მოლაპარაკებებს "სოკარის" საქართველოში განხორციელებული $150მლნ–ის ბუნებრივი გაზის ტარიფში ასახვის ვადებზე აწარმოებს.
376