BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ჭკვიანი თხილი“ 2020 წელს წარმოების გაზრდას გეგმავს

თხილის პასტის მწარმოებელი ქართული კომპანია "ჭკვიანი თხილი" 2020 წელს წარმოების გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ „ჭკვიანი თხილის“ დამფუძნებელმა ნინო ანდრიაძემ განაცხადა.
 
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, წარმოებისთვის აუცილებელი დანადგარები უკვე შეძენილი აქვს.
 
„საწარმო მთლიანად ჩვენი ინვესტიციებით აშენდება. შერჩეული გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ საწარმო თბილისში აშენდება და 10 ადამიანი დასაქმდება, რისთვისაც 50 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. დანადგარები შეძენილი გვაქვს და საწარმოს წარმადობა 100 კგ-ს წარმოება იქნება. შედარებისთვის გეტყვით რომ ახლა ჩვენ კვირაში ერთი დღე ვახერხებთ მხოლოდ პროდუქტის წარმოებას და მომავალში კვირა დატვირთული გვექნება“, - ამბობს ნინი ანდრიაძე.
 
თუმცა მისი თქმით, კომპანიის განვითარების გრძელვადიანი გეგმები ექსპორტისკენ არის მიმართული და საამისოდ კონკრეტული ბაზრების მოკვლევაც მიმდინარეობს.
 
„2020 წელს საწარმოს ამუშავებისა და გაზრდილი წარმოების შემდეგ, გვინდა, გავხსნათ ჩვენი წერტილი რომელიმე მოლში და იქ წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქცია. ხოლო 2021 წლიდან დავიწყოთ ქართული თხილის პასტის ექსპორტზე გატანა. ამისთვის უკვე ვიკვლევთ ინგლისისა და დანიის ბაზრებს, თუმცა ეს შორეული გეგმებია“, - აცხადებს „ჭკვინი თხილის“ დამფუძნებელი.
223