BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ინტერესის გამოხატვა რამდენიმე თვეში გამოცხადდება

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ინტერესების გამოხატვა რამდენიმე თვეში გამოცხადდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
მისივე თქმით, სატენდერო პირობების გამოცხადება დაიწყება და საზოგადოება გამჭვირვალედ იხილავს, თუ როგორ განვითარდება პროექტის ირგვლივ მოვლენები.
 
ჟურნალისტის კითხვაზე, როდის შევა პირველი გემი ანაკლიის პორტში, მაია ცქიტიშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის "არარეალური თარიღების დასახელებისგან" თავს შეიკავებს.  
 
"ჩვენ დღემდე არ გვქონია მოლაპარაკება არანაირ ინვესტორთან, გარდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა, პროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობდით მხოლოდ კონსორციუმთან. სხვა, ალტერნატიური ინვესტორის მოძიება არ დაგვიწყია. მხოლოდ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დავიწყებთ ახალი პარტნიორის მოძიების პროცესს. ამას დასჭირდება გარკვეული დრო, უნდა მოხდეს ხელახალი მომზადება საინვესტიციო პაკეტის, ალბათ რამდენიმე თვეზე იქნება საუბარი და ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას.
 
რაც შეეხება პარტნიორს, ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო დასავლური და ამერიკელი ინვესტორის ყოლა. ჩვენთვის პირველ რიგში, სასურველი იქნებოდა ამერიკელი, ან დასავლელი ინვესტორი ამ პროექტში. ჩვენთვის ვერ იქნება მიღებული ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან პორტს აქვს არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ უსაფრთხოების დანიშნულება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
765