BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ექსპერტების 2019 წლის შეფასებები და 2020 წლის მოლოდინები

ექპერტები ეკონომიკის საკითებში 2019 წელს საინფორმაციო სააგენტო „Business Time“-თან მიმდინარე წლის მიღწევებზე, გამოწვევებზე და 2020 წლის მოლოდინებზე საუბრობენ.

ქვეყანაში 2019 წელს მძიმე პოლიტიკური მდგომარება იყო, რაც შესაძლოა მომავალ წელს კიდევ უფრო დამძიმდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „Business Time“-თან მიმდინარე წლის შეფასებისას განაცხადა.

„2019 წელის მაღალი ინფლაციით, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნით, პირდაპირი ინვესტიციების შემცირებით გამოირჩეოდა. სწორედ აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს  საამაყო არაფერი გვქონდა. ქვეყნის ეკონომიკა წელს უფრო გაღარიბდა, ვიდრე 2018 წელს. არ არის დაბალანსებული იმპორტ-ექსპორტის სსტრუქტურა, რის გარეშეც ჩვენ მყარი ფინანსური სისტემა ვერ გვექნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ლარის კურსი წლის ბოლოს ხელოვნურად არის გამყარებული და მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვრის ბოლოსკენ ეროვნული ვალუტა კვლავ დაიწყებს გაუფასურებას.

„მთავრობა ამაყად აცხადებს იმის შესახებ, რომ საგადასახადიო შემოსავლები გაიზარდაო, რაც სრული ცინიზმია და მეტი არაფერი. ეს ზრდა ლარის გაუფასურების შედეგად მოხდა. ახლა კი წლის ბოლოს ლარი ხელოვნურად არის გამყარებული და მე ამას ინდაურის ეფექტს ვუწოდებ, როდესაც ჩვენ ბოლო ასი დოლორი ამოგვაქ ჩვენი მარაგებიდან და ინდაურს ვყიდულობთ საახალწლოდ. იანვრიდან ისევ გაიზრდება დაწოლა ლარზე, რაც ისევ ვალუტის გაუფასურებას გამოიწვევს. არანაირი სისტემური საფუძველი სტაბილიზაციის ეკონომიკაში ჩვენ არ გვაქვს, ამასთან, თუ  გავითვალისწინებთ მოახლოებულ არჩევნებს, პოლიტიკური ტემპერატურაც იქნება მაღალი. შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე შესაძლოა 2020 წელი ბევრად მძიმე იყოს ვიდრე 2019 იყო“, - განმარტა ხუხაშვილმა.

ეკონომიკის დოქტორის რატი აბულაძის შეფასებით კი, 2019 წელი იყო ეკონომიკურად მშვიდობიანი, სტატისტიკურად უწყინარი, ფინანსურად მღელვარე, სოციალურად მძიმე, პოლიტიკურად კონფრონტაციული და პრობლემებით დამძიმებული.

„შეიძლება აღინიშნოს, რომ 2019 წელს გვქონდა პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრები, ექსპორტის ზრდა და საინვესტიციო გამოცოცხლება (2019 წლის მესამე კვარტალში). თუმცა, მთლიანობაში საშინაო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა განსაკუთრებული შედეგით არ გამოირჩეოდა, რადგან არ შემცირებულა ვალები, არ წარმოიქმნა ახალი გადამხდელთა ნაკადი, არ დაიძლია უთანასწორობა, არ შემცირდა უარყოფითი მოლოდინი და არ ამაღლდა იმედი“, - განაცხადა აბულაძემ.

ეკონომისტი ოპტიმისტურად არის განწყობილი, როდესაც 2020 წლის მოლოდინებზე საუბრობს.  რატი აბულაძე აზრით, ქვეყანას გააჩნია პოტენციალი დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები და შექმნას ეკონომიკური შემოსავლები.

„მოლოდინი პოზიტიურია. ქვეყანას აქვს რესურსი სწრაფად დაძლიოს გამოწვევები. გააჩნია პოტენციალი დაიბრუნოს ტერიტორიები და შექმნას ეკონომიკური შემოსავლები. ამ რესურსს და პოტენციალს კი ფლობს ახალი ამბიციური ეკონომიკური და პოლიტიკური კლასი (რომელიც უნდა შეიქმნას), ახალინიციატივიანი  პოლიტიკოსები, აქტიური აკადემიური პირები, თანამედროვე კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების მქონე საზოგადოებრივი პირები“, -  განაცხადა აბულაძემ საინფორმაციო სააგენტო „Buusiness Time”-თან.

მისივე თქმით, არსებული პოლიტიკური და მმართველობითი გარემო ვალდებულია ხელი შეუწყოს ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური კლასის შექმნას.

რატი აბულაძის ოპტიმიზტს არ იზიარებსთავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი და ამბობს, რომ 2020 წლისთვის არ აქვს დიდი მოლოდინები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ დაპირებული გამკაცრებული საბანკო რეგულაციების შერბილება ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს.

საინფორმაციო სააგენტო „BusinessTime“-თან საუბრისას ბედინეიშვილი 2019 წელს ეკონომიკური თვალსაზრისით უარყოფითად აფასებს.

„ლარის კურსის ვარდნამ და ინვესტიციების დაბალმა შემოდინებამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაბალი მაჩვენებელი აჩვენა. ალბათ, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა 5%-მდე იქნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ დაბალია“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

მისივე თქმით, შედარებით კარგი მდგომარეობა იყო ტურიზმის მხრივ, თუმცა ტურიზმის მიმართულება ინერციით ვითარდება.

„მოგეხსენებათ, რომ ტურიზმის სექტორი დღემდე ინერციით მოდის  - ავტოპილოტზეა. ეს სექტორი ყოველწლიურად შედეგს დებს და ზრდა გვაქვს, რაც შეიძლება ჩაითვალოს 2019 წლის ეკონომიკაში დადებით მიმართულებად“, - აღნიშნა სააგენტო „Buusiness Time”-თან საუბრისას გიგა ბედინეიშვილმა.

ბედინეიშვილის იმ შეფასებას, რომ ტურიზმი 2019 წელს წარმატებით ვითარდებოდა ეთანხმება ექსპერტი ტურიზმის საკითხებში ნიკო კვარაცხელია და აცხადებს, რომ  2019 წელს საქარათველოში ტურისტების რაოდენობამ რეკორდულად გაიზარდა.

„წინასწარი მონაცემებით , რაც მე ამ დროისთვის გამაჩნია, 2019 წელი რეკორდული ხდება. საქართველოს წელს 5 მილიონამდე ტურისტი ესტუმრა - ვგულისხმობ ღამის თევით) ზოგადად, კი ვიზიტორების რაოდენობა 9 მილიონამდე იყო, მიუხედავად რუსული ავია ემბარგოს დაწესების გათვალისწინებით, რაც სერიოზული დარტყმა იყო სექტორისთვის.  უნდა ვთქვათ, რომ 2019 წელს საკმაოდ კარგი მაჩვენებელით ვასრულებთ. შესაბამისად, მე 2019 წელს ამ კუთხით დადებითად ვაფასებ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მომდევნო წელსაც არანაკლებ პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„აღსანიშნავია, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მე, ვიმედოვნებ, რომ მომდევნო 2020 წელი ამ კუთხით გაცილებით უკეთესი იქნება“, - განაცხადა ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბიუჯეტში  ეკონომიკური ზრდა 4,5%-ით განისაზღვრა. 

რაც შეეხება, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს,  სავალუტო ფონდი (IMF) 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას 4.3%-ით პროგნოზირებს. სავალუტმა ფონდმა 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ზრდის მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ლი პუნქტით შეამცირა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოითს, მიმდინარე წელს, ისევე როგორც 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება.

ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
498