BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კომპანია „დაგის“ ხელმძღვანელი კალაძის განცხადებაზე: ძალიან გამიკვირდა ასეთი ტიპის განცხადება

სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა ასეთი ტიპის განცხადება, - ამის შესახებ კომპანია „დაგის“ ხელმძღვანელმა ოთარ ჩიკვაიძემ თბილისის მერის კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადების შეფასებისას განაცხადა. 
 
მისი თქმით, ობიექტზე იყო ხარვეზები, რომელიც ლაბორატორიამ გუშინ გამოავლინა და რომლის კომპანიამ მყისიერად აღმოფხვრა.
 
„მე მივდივარ ახლა ობიექტზე. გუშინ მოსული იყო ლაბორატორია, იქ იყო ძალიან მცირე დეფექტებზე საუბარი, გზის საფარი მოწყობილია 5 000 მ2 და ხარვეზი იყო 50-60 მ2 -ზე. ეს ხარვეზები გამოსწორებულია უკვე. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა ასეთი ტიპის განცხადება. მე როგორც მივხვდი, ამ ხარვეზებზე არ საუბრობს, საუბრობს იმაზე, რომ მთლიანად გზის საფარი არის ასაჭრელი და ახალია დასაგებიო. მე რაც ვიცი, მსგავსი რამე იქ არ არის. ლაბორატორიაც მოდის და კიდევ ერთხელ გავივლით“, - ამბობს ოთარ ჩიკვაიძე.
 
კითხვაზე რას მოიმოქმედებს კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია, ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელი აცხადებს: „პირველ რიგში უნდა დადგინდეს ნამდვილად გამოსაცვლელია გზის საფარი თუ არა და ამის შემდეგ გავაკეთებთ ყველაფერს რაც გასაკეთებელია. ჩვენი მოსაზრებაა რომ ძალიან კარგადაა გაკეთებული და ამას დამკვეთის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გავარკვევთ“.
 
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან უხარისხოდ არის შესრულებული.
974