BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს

ერთი კვირის წინ სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
 
“თანამდებობიდან წასვლის შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს დაახლოებით ერთი კვირის წინ მივმართე. სამეთვალყურეო საბჭო ამ განცხადებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას”,- განაცხადა სურგულაძემ.
 
მისივე თქმით, თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა დარჩეს თანამდებობაზე, ის გაითვალისწინებს საბჭოს აზრს.
 
მანამდე ბრიფინგზე მან საპენსიო სააგენტოს ერთწლიანი მუშაობის შედეგებიც შეაჯამა და რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ სააგენტო უკვე “გამართულად მუშაობს”.
 
სურგულაძის წასვლის მიზეზებზე დეტალურად არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ "სხვა გეგმები აქვს", რასაც მოგვიანებით შევიტყობთ. 
 
საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე გასული წლის სექტემბერში დაინიშნა.
 
სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას. საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით.
939