BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მთავრობა: აბასთუმნის თავზე ფრენა იკრძალება

მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ცალკეული ობიექტების გარშემო სახელმწიფო ანალოგიურ ზომებს აწესებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აბასთუმნის ობსერვატორიის გარშემო საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

"აბასთუმანთან დაკავშირებით პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მოგვმართა აბასთუმნის ობესრვატორიამ. აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური და მსოფლიოსთვისაც ერთ-ერთი უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც 70-ზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს, ასობით სამეცნიერო ნაშრომი განიხილება. მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და იდეა მისი განთავსების 100 წლის წინ სწორედ აბასთუმანში იყო ის, რომ იქ არის ერთ-ერთი უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო, რაც თავისი სისუფთავით იძლევა საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც მოგვმართეს და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას, როდესაც მომართა აბასთუმნის ობესრვატორიამ, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება საჰაერო მარშრუტების და აქ საუბარი არ არის არანაირ საერთაშორისო საჰაერო მარშრუტებზე, ცვლილება იმდაგვარად, რომ დროებითი შეზღუდვის რვაკილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო, თან იმდაგვარად, რომ არცერთი თეთრი არ იკარგება ამით და არანაირი ზარალი არ ადგება სახელმწიფოს, არაცერთი საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან.

რასაკვირველია, ჩვენ ამას დავუჭირეთ მხარი და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მათ შორის საქართველოში მიღებული პრაქტიკაა, რომ როდესაც არის გარკვეული გარემოებები, ეს დროებითი კორექტირებული ზომები დაწესდეს. კახეთშიც, როდესაც სეტყვის საწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენება ხდება, იქ ვაწესებთ ამას, სხვა და სხვა ნავთობტერმინალის თავზე წესდება ანალოგიურად, ასე რომ განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის. მთავარი არის ჩვენთვის ის, რომ ეს უნიკალური სამეცნიერო კერა, ობსერვატორია განვითარდეს", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
342