BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტს მაღალ შეფასებას აძლევს

პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აშშ-ში ვიზიტს დადებით შეფასებას აძლევს ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. 
 
პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აშშ-ში ვიზიტს დადებით შეფასებას აძლევს ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში.  როგორც მათ მიერ ნათია თურნავას სახელზე გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას  დადებითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე არამარტო ტურისტული ნაკადის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, არამედ ამ შესაძლებლობით წარმატებით ისარგებლებენ აშშ-ს ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომადგენლების მზარდი რაოდენობა, რომლებიც სტუმრობენ რეგიონს
 
„გიდასტურებთ სრულ და გულწრფელ მხარდაჭერას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გასულ კვირას თქვენი ვიზიტი აშშ-ში და შეხვედრები United Airlines-ისა და Delta Airlines-ის წარმომადგენლებთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს ბიზნესსა და მოსახლეობას. საქართველოს „ღია ცის“ მყარი პოლიტიკის გთვალისწინებით, პირდაპირმა რეისებმა შეიძლება თბილისი რეგიონულ ჰაბადაც აქციონ და შექმნან გაფართოების შესაძლებლობა აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით“ - ნათქვამია წერილში.
 
„მსოფლიო ბანკი საქართველოს მსოფლიოში მე-6 ადგილს ანიჭებს ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, ხოლო 2018 წელს „ფორბსმა“ განაცხადა: „ბერლინის დრო წავიდა, ახლა თბილისის დროა: საქართველოს დედაქალაქი წელს მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქალაქია!“, - აცხადებენ ამერიკის სავაჭრო პალატაში. 
 
ეკონომიკის მინისტრისადმი გამოგზავნილ წერილში ამერიკის სავაჭრო პალატა ხაზს უსვამს აშშ-დან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის დინამიკას. მათი განცხადებით, ორმხრივი სარგებელი ცალსახაა და პირდაპირი რეისების დაწყება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შესთავაზებს როგორც ავიაკომპანიებს, ისე ორივე ქვეყანას.
 
„პირდაპირი რეისები ასევე ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანას მაქსიმალურად ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, რომელიც, ვიმედოვნებთ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული. ჩვენ მრავალი წელია ვუჭერთ მხარს პირდაპირი რეისების დაწყებას და რეგულარულად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან როგორც მათი თბილისში სტუმრობისას, ისე ჩვენი ვიზიტისას ვაშინგტონში. გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, განვიხილოთ აღნიშნული შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ ავიაკომპანიასთან და მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლო გზით“ - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი აწერს.
402