BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აგვისტოს ომის შემდგომ, საქართველოში FDI-ს ასეთი ვარდნა არ ყოფილა

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო. თანხობრივად კლება $216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მეორე კვარტლის განმავლობაში ინვესტიციები $187 მილიონი იყო. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ინვესტიციების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში შეიმჩნევა. ცალკეული მიმართულებების მიხედვით არსებული ვითარება ასეთია: 

ენერგეტიკა - $63.7 მილიონი, კლება წინა წელთან 37%; 
მშენებლობა - $4.2 მილიონი, კლება წინა წელთან 91%; 
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $19.8 მილიონი, კლება წინა წელთან 73%; 
სამთომოპოვებითი მრეწველობა - $15.4 მილიონი, კლება წინა წელთან 7%; 
უძრავი ქონება - $22.8 მილიონი, კლება წინა წელთან 63%; 

ზრდა შეიმჩნევა სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში. 

ცალკეული ქვეყნების მიხედვით, შემცირება ასეთია: 

აზერბაიჯანი - $19.5 მილიონი, კლება წინა წელთან 80%; 
ნიდერლანდები - $58.1 მილიონი, კლება წინა წელთან 23%; 
თურქეთი - $36 მილიონი, კლება წინა წელთან 8%; 
ჩეხეთი - $14.8 მილიონი, კლება წინა წელთან 81%; 

საქსტატის განმარტებით, შემცირების მიზეზს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება წარმოადგენს. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ შემცირების კიდევ ერთი მიზეზი არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება და რეინვესტიციების მოცულობის შემცირებაა. 

რაც შეეხება ინვესტიციების ისტორიულ მაჩვენებლებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული FDI 71%-ით შემცირდა, თუმცა, აღნიშნული წელი პირველ და მეორე კვარტალში არსებული მაღალი ზრდის გამო ჯამურად 10%-ით გაიზარდა.

ომმა უფრო მნიშვნელოვანი გავლენა 2009 წლის ინვესტიციებზე მოახდინა, წლის პირველ და მეორე კვარტალში კლება 70%-ს აღემატებოდა. 2010 წლიდან მოყოლებული არცერთი კვარტლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის ასეთი დრამატული შემცირებაარ დაფიქსირებულა.

Bm.ge

134