BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 54%-ით შემცირდა

საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში FDI დრამატულად - 53.7%-ით შემცირდა. 

წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში $187 მილიონი შეადგინა. 

საქსტატის განმარტებით, შემცირების მიზეზს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება წარმოადგენს. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ შემცირების კიდევ ერთი მიზეზი არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება და რეინვესტიციების მოცულობის შემცირებაა. 

ინვესტიციების შემცირება შეიმჩნევა ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, პანამიდან, ჩეხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. 

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის II კვარტალში 69.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 28.1 მლნ. აშშ დოლარით.

483