BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საგამოძიებო სამსახური - გაყალბებულია 100 მილიონის დღგ-ს ანგარიშფაქტურა, 38 პირი დაკავებულია

დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვა და სხვა ნავთობკომპანიის მიერ დიდი ოდენობით ყალბი დღგ-ის ანგარიშფაქტურის შექმნისა და მისი თანმდევი ფინანსური მაქინაციების შესახებ სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება 53 პირის ქმედებების შესახებ მიმდინარეობს, მათგან 38 პირი კი დაკავებულია. სამსახურში არ გამორცხავენ, რომ საქმესთან საჯარო მოხელეების შემხებლობაც გამოიკვეთოს. 

"გამოვლენილი და თავიდან აცილებულია ბიუჯეტისთვის 100 მილიონ ლარამდე ზიანის მიყენების საფრთხე, რისთვისაც გამოძიება სხვადასხვა კომპანიის 53 ხელმძღვანელის მიმართ მიმდინარეობს 

გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე. 

გამოძიება დაწყებულია 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ, მათგან 38 პირი პატიმრობაში იმყოფება. პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი. 

„გამოძიებით დადგენილია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში. 

დღგ-ს დაბრუნების სისტემაში სახელმწიფოს აქვს კონტროლის ქმედითი მექანიზმი. სწორედ ამ მექანიზმისთვის თავის არიდების მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შექმნილ ყალბ აქტივებს იყენებდნენ მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. 

სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღდა ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონება და საბანკო ანგარიშები. ამოღებული იქნა მილიონ ლარზე მეტი ნაღდი ფული და დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. 
404