BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ლევან მეხუზლა: „შარშანდელი რეკორდული მოსავლის გამო, წელს თეთრ ყურძენზე მოთხოვნა ნაკლები იქნება“

ბატონო ლევან, პირველ რიგში, რომ გვითხრათ რთველის მზადების პროცესი როგორ მიმდინარეობს და რით განსხვავდება ის, რთველი-2018 წლისგან? 

რთველის სამზადისი აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე წლის რთველის შტაბი განთავსებულია ქალაქ თელავში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თანაშრომლები იქნებიან ჩართულები და სწორედ იქიდან გავუწევთ კოორდინაციას რთველის მიმდინარეობას. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, წლევანდელი რთველის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ყვარლის და გურჯაანის რაიონის ნაწილში მოხდება ყურძნის ჩაბარება სააგენტოს მიერ გაცემული ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე, რომელიც ჩაანაცვლებს ადგილობრივი მუნიციპოლიტეტების მიერ გაცემულ ცნობას. ამასთან ერთად, წელს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ,  ღვინის საწარმოებში ჩაბარებული ყველა ჯიშის ყურძნის აღრიცხვას შეეხება. გასულ წელს, მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნის აღრიცხვა ხორციელდებოდა.

რატომ გახდა აუცილებელი საკადასტრო ცნობის აღება და ეს ფასიანი იქნება მევენახეებისათვის?

კადასტრი არის საფუძველი, რომელიც მსოფლიო მაგალითზე რომ გითხრათ, უზრუნველყოფს მიკვლევადობას. ფაქტობრივად, მარეგულირებელს ექნება საშუალება აიღოს ღვინის ბოთლი, წაიკითხოს ლოტის ნომერი და მიაკვლიოს ყურძნის ადგილმდებარეობას, მათ ფართობს, ჯიშურ შემადგენლობას და სხვა ატრიბუტების შესახებ ზუსტ ინფორმაციას.

რაც შეეხება იქნება თუ არა ფასიანი - რა თქმა უნდა, არა! მევენახეებისათვის სრულიად უფასოა კადასტრის საბუთოს მიღება. კადასტრის პროგრამის ყველა პროცედურა არის ღვინის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული. თქვენი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობითაც მოვუწოდებ ყველას აუცილებლად მივიდნენ საკადასტრო ცნობის ასაღებად ცენტრებში. ჩვენი წარმომადგენლები ყვარლის და გურჯაანის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში არიან წარმოდგენილი და მევენახეებმა აუცილებლად გადაამოწმონ თავიანთი საკადასტრო მონაცემები მათთან და სიზუსტის შემთხვევაში ჩაიბარონ საკადასტრო პასპორტი. მიმდინარე წელს, რთველის ფარგლებში,  ყურძნის საწარმოებში ჩაბარება ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „მუკუზანის“ და „ყვარლის“ მიკროზონებში მოხდება.

მოსავლის და ფასის მოლოდინში

წელს რა მოსავალს ელოდებით?

წლევანდელი ყურძნის მოსავალი დაახლოებით იმდენივე იქნება, რაც წინა წელს გვქონდა, საუბარია 200-250 ათას ტონამდე, უფრო ზუსტად მომავალ კვირაში გამოჩნდება.

ჩასაბარებელი ყურძნის ფასი წელს როგორი იქნება?

ეს სრულიად ბაზარზეა დამკიდებული. ფასების განსაზღვრაში ჩვენ არ ვერევით პრინციპულად უკვე, რამდენიმე წელია. შარშანდელი მაგალითით, თუ ვიხელმძღვანელებთ, მხოლოდ ქინძმარეულის ყურძნის ფასი განსხვავდებოდა სხვა დანარჩენებისგან. სავარაუდოდ, წელსაც იგივე იქნება. ანუ, ქინძმარეულის ყურძენი შარშან უფრო ძვირი იყო ვიდრე  სხვა დანარჩენი.  თუმცა, შარშანდელი რეკორდული მოსავლის გამო საკმაო მარაგები დაგროვდა კერძო კომპანიებში და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოთხოვნა ბაზარზე ყოველ შემთხვევაში, თეთრ ყურძენზე ნაკლები იქნება.

რთველი სუბსიდირების გარეშე

როგორ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, წელსაც არ იგეგმება ყურძნის ჩაბარების სუბსიდირება...

დიახ, წელს არ მოხდება ყურძნის სუბსიდირება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი მხრიდან, ღვენის ეროვნული სააგენტოდან ხდება მხოლოდ ლოჯისტიკაში დახმარება და ჩაბარებული ყურძნის აღწერა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სერტიფიცირების პროცდურები და ხარისხის დაცვა. სხვა პროცესებში ჩვენ არ ვერევით.

თუმცა, მთავრობა რთველის მხარდასაჭერად წელსაც 20 მილიონს გამოყოფს. აღნიშნული თანხა დაიხარჯება როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვისთის…

რაც შეეხება „აკურას,“ პირველი, რაც უნდა განვმარტო, ამ თანხის გამოყოფა ჯერ არ მომხდარა. არსებობს ასეთი პროცედურა - გამარტივებული შესყიდვა, რომლის უფლებაც მან წინასწარ უნდა მოიპოვოს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს და ბიუროკრატიული პროცედურები უკვე გავლილი ქონდეს. „აკურამ“ შარშანაც დასეტყვილი ყურძენი ჩაიბარა; ეს იყო ახმეტის და გურჯაანის რაიონებში. ის მოქმედებს როგორც შპს, ის ყურძენს იყენებს სასპირტე მიმართულებით, ასაწყობებს ამ სპირტს, რომელიც მერე შეიძლება გაყიდოს თავისუფალ ბაზარზე და მოგება დარჩეს, თუმცა კატეგორიულად, რაც არ ხდება, ის არ ერევა თავისუფალ ბაზარზე და არ შედის კონკურენციაში კერძო სექტორთან. „აკურა“ ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არის ყურძნის ჭარბი რაოდენობა და არ ჩანს კერძო კომპანია, რომელიც ამ ყურძენს ჩაიბარებს.

რუსული ბაზრის გავლენა

ბატონო ლევან, ღვინის ექსპორტის შესახებ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სტატისტიკა, სადაც ნათლად ჩანს, რომ რუსეთი კვლავინდებურად ინარჩუნებს ათეულში მოწინავე ადგილს. რატომ ვერ ხერხდება ექსპორტის სტრუქტურაში რუსეთის წილის შემცირება? 

თავისთავად ცხადია ის, რომ  ერთ და ორ თვეში ვერ მოხდებოდა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების დიდად შემცირება. თუმცა, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია ძალიან მცირე მაჩვენებლით -  მხოლოდ 2%-ით.  ღვინის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან საექსპორტო ბარზების დივერსიფიკაციის თვალზასრისით საკმაოდ აქტიურ ნაბიჯებს დგამს. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ მარკეტინგული ნაბიჯები ტრადიციულ ბაზრებზე არ განგვიხორციელებია, ანუ ერთი თეთრიც კი არ დაგვიხარჯავს ამ ბაზრებზე. იხარჯება მხოლოდ კერძო სექტორის განვითარებაზე, განსაზღვრულ სტრატეგიულ ბაზრებზე -აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, ჩინეთი, იაპონია. მომავალი წლიდან ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში ვგეგმავთ ღონისძიებებს ბალტიისპირეთში და გერმანიაში. შესაბამისად, უნდა გითხრათ, რომ 2006 წლის ემბარგომდე მონაცემებით, რუსეთის წილი იყო საერთო ექსპორტში დაახლოებით 90%-ია - დღეს კი სხვაობა საგრძნობია, დაახლოებით 60%-ია.

გარკვეული კომპანიები რუსულ ბაზარზე არიან სრულად დამოკიდებული. რატომ ვერ ხერხდება ამ ბაზრის რისკების სათანადოდ განსაზღვრა და დივერსიფიცირება?

მოგეხსენებათ, რომ 7 თვის მონაცემებით ქართული ღვინის ექსპორტირება 243 კომპანიამ განახორციელა. ბევრ კომპანიას უადვილდება ისეთ ტრადიციულ ბაზრებზე ღვინის ექსპორტირება, სადაც ცნობადობა არის ძალიან მაღალი. თუმცა, ცნობილი მოვლენების შემდეგ (რედ: 2006 წელს რუსეთის მხრიდან დაწესებული ღვინის ემბარგო), ბევრი კომპანია დაფიქრდა, მოახდინა რისკების გადაფასება. შემიძლია გითხრათ, რომ არის რამდენიმე კომპანია, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს პოლინეთის მიმართულებით, რათა ექსპორტი გაზარდოს და ამით ტრადიციული ბაზრზე დამოკიდებულება სრულად თუ არა - საგრძნობლად შეამცირონ. ჩვენ მჭიდროთ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, თანამშრომლობა შეიძლება რამდენიმე  ნაწილათ გავყოთ: პირველი ეს არის გამოფენებზე მონაწილეობა, სადაც დაახლოებით ნახევარს თუ არა მესამედს ღვინის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან იფარება, ხოლო დანარჩენი თანხა გამოფენაზე მონაწილე კერძო კომპანიებს შორის ნაწილდებ; მეორე, სტრატეგიულ ბაზრებზე გვყავს ჩვენი კონტრაქტორები მარკეტინგული კომპანიები, რომლებიც არიან ამ დარგის სპეციალისტები და აქტიურად მუშაობენ ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების  მიმართულებით.

 

951