BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კომპანია „ალმას“ დირექტორი: ველოდებოდით, რომ თეთრად გადაღებვის მომსახურებას დაახლოებით, 15 ათას მანქანას გავუწევდით

ტაქსის მანქანების თეთრად გადაღებვის მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „ალმას“ დირექტორის განცხადებით, მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ შესაბამის მომსახურებას დაახლოებით 15 ათას ტაქსს გაუწევდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს “ალმას“ დირექტორმა, გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა, ტაქსის მანქანების თეთრად გადაღებვის თუ თეთრი სტიკერის გადაკვრის, ასევე ქიმწმენდის მომსახურების გაწევისთვის მთელი თბილისის მასშტაბით გახსნილი ჰქონდათ საჭირო რაოდენობის სერვის ცენტრები.

რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ იგეგმება თეთრად გადაღებვისა და ფირის გადაკვრის ვაუჩერების გაცემის ვადის გადახედვა იმ მიზნით, რომ შესაბამისი ავტომანქანების რაოდენობა გაიზარდოს, ტრაპაიძის განმარტებით, არ აქვს ინფორმაცია, რომ მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს.

„თავდაპირველი პროექტის მიხედვით, კომპანია „ალმას“ მომსახურება უნდა გაგვეწია დაახლოებით, 15 ათასი ტაქსისთვის, მათთვის, ვისაც ლიცენზია გასული წლის 10 ოქტომბრამდე ჰქონდა აღებული. აქედან გამომდინარე გვქონდა გახსნილი სერვის ცენტრები მთელი თბილისის მასშტაბით და ვიყავით მომზადებული რომ ამ რაოდენობისთვის მომსახურება გაგვეწია. ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ დამატებით ღებვას სტიკერების გადაკვრაც დაემატა და ბევრი სხვა თავდაპირველი პირობა შერბილდა იმისთვის, რომ უფრო გამარტივებულიყო მძღოლებისთვის მომსახურება. მძღოლების მომართვიანობაზე ჩვენ ვერანაირ გათვლას ვერ გავაკეთებდით. შესაბამისად, დღეს რა რაოდენობაც არის ჩვენამდე მოსული, არცერთი ადამიანი მომსახურების გარეშე არ დარჩენილა“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

190