BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ეს არის დარტყმა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, მაგრამ არა ისეთი, რომ სექტორმა ვერ გადალახოს“

„ეს არის დარტყმა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, მაგრამ არა ისეთი, რომ სექტორმა ვერ გადალახოს“, - ასე ეხმაურება Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც, ივლისში, ე.წ. ავიასანქციების პირობებში რუსეთიდან ტურისტული ვიზიტები 14,6%-ით შემცირდა და 108,204 ტურისტული ვიზიტი შეადგინა, ხოლო რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტებში კი, 6.4%-იანი კლება დაფიქსირდა.

ამასთან, წინა თვეში ჯამურად საქართველოში განხორციელებული ტურისტული ვიზიტები 1%-ით გაიზარდა. 

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის პროგნოზით, წელს, სავარაუდოდ, საქართველო რუსი ტურისტებისგან 200 მლნ დოლარს დაკარგავს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ზარალი 200 მლნ-ზე ნაკლები იყოს. 

„ჩვენი შეფასებით, ივლისის თვე იყო საკმაოდ პოზიტიური, გამომდინარე იქიდან, რას ველოდით და რა მივიღეთ სანქციების შედეგად. მოლოდინი გვქონდა, რომ რუსეთიდან ტურისტების კლება იქნებოდა ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ადგილი ჰქონდა. ვიზიტორებს თუ შევხედავთ, დაახლოებით, 6%-იანი კლება იყო, ხოლო რუსეთიდან ტურისტებში შემცირება 15%-ია. ეს არაა ის შედეგი, რასაც ველოდით, ბევრად უფრო უარესისთვის ვიყავით მზად და თუ სანქციების პირველ თვეში ასეთი რიცხვები მივიღეთ, მომდევნო თვეებში კიდევ უფრო ნაკლები უნდა იყოს ზიანი და ზარალი, რაც ტურიზმის სექტორს რუსი ტურისტების კლების ნაწილში მიადგება. შესაბამისად, ძალიან რომ არ ვიჩქაროთ გადაფასება, ვფიქრობთ, რომ ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით, 200 მლნ დოლარს, შეიძლება უფრო ნაკლებს და თუ ავიასანქციებამდე ვფიქრობდით, რომ 2019 წელს ტურისტების ზრდა იქნებოდა 11.5%, ახლა 3.5%-4%-იანი ზრდის მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა სამყურაშვილმა. 

Galt & Taggart-ის პროგნოზით, წელს საქართველოს 4.9 მლნ ტურისტი ეწვევა, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალი 3.4 მლრდ დოლარი იქნება.

bm.ge

414